ირაკლი კობახიძე: არ არის სწორი ქართველი ხალხის შანტაჟი იმის გამო, რომ მან ხელისუფლებაში არ დააბრუნა სისხლიანი პოლიტიკური ძალა - კოლექტიური „ნაცმოძრაობა

ირაკლი კობახიძე: არ არის სწორი ქართველი ხალხის შანტაჟი იმის გამო, რომ მან ხელისუფლებაში არ დააბრუნა სისხლიანი პოლიტიკური ძალა - კოლექტიური „ნაცმოძრაობა", ვფიქრობ, კონტრპროდუქტიულ ნაბიჯს ევროპული ბიუროკრატია არ გადადგამს

თუ ასე დადგება საკითხი, რომ ან მშვიდობა და სტაბილურობა ან ვიზალიბერალიზაცია, ჩვენ რა თქმა უნდა, უპირატესობას მივანიჭებთ მშვიდობას და სტაბილურობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ეს ქართველი ხალხის არჩევანია.

„ვფიქრობ, რომ კონტრპროდუქტიულ ნაბიჯს ევროპული ბიუროკრატია არ გადადგამს. ეს იქნება აბსოლუტურად ირაციონალური. არ არის სწორი ქართველი ხალხის შანტაჟი იმის გამო, რომ მან ხელისუფლებაში არ დააბრუნა სისხლიანი პოლიტიკური ძალა - კოლექტიური „ნაცმოძრაობა". როცა გამჭვირვალობის კანონის მიღებას გვიკრძალავენ, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის უნდათ მშვიდობის და სტაბილურობის წართმევა. როდესაც გვეუბნებიან, რომ შენ არ უნდა მიიღო კანონი, რომელიც უცხო ძალებს უზღუდავს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას, ეს ნიშნავს, რომ გემუქრებიან სტაბილურობის და შემდეგ უკვე მშვიდობის დაკარგვით. თუ ასე დადგება საკითხი, რომ ან მშვიდობა და სტაბილურობა ან ვიზალიბერალიზაცია, ჩვენ რა თქმა უნდა, უპირატესობას მივანიჭებთ მშვიდობას და სტაბილურობას. ეს ქართველი ხალხის არჩევანია. ასე გვიყენებენ საკითხს. ოთხი რევოლუციის მცდელობა გამოვიარეთ ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში. რაც შეეხება იმ ტენდენციებს, რაც არის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ეს ტენდენციები არის შემაშფოთებელი. იყო პირდაპირი დაფინანსება,  რომელიც იყო მიმართული საქართველოში ამ ტენდენციების განვითარებისთვის და ამას უპირისპირდება კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ. ვიზალიბერალიზაცია ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეს დასჭირდება ვიზა, იმისათვის, რომ გაემგზავროს საქართველოდან ევროპაში. რაც შეეხება დანარჩენს - მშვიდობა, სტაბილურობა, მათ შორის ოჯახური ღირებულებები, ეს არის ეგზისტენციალური საკითხები. ევროპაში წახვალ ვიზით თუ უვიზოდ, ეს არ არის ეგზისტენციალური საკითხი, მაგრამ რასაც გვთავაზობენ, რომ უნდა დაგვირღვიონ სტაბილურობა და მშვიდობა, ეს არის ეგზისტენციალური საკითხი. ამიტომ, როცა ეგზისტენციური საკითხი უპირისპირდება არაეგზისტენციურ საკითხს, ბუნებრივია, შენ უპირატესობა უნდა მიანიჭო ეგზისტენციურ საკითხს", - განაცხადა პრემიერმა.