საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგი კაპანაძის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის დროს პრობლემები არ შეექმნათ.
მისი თქმით, უცხოეთში გაიხსნება იმავე რაოდენობის საარჩევნო უბნები, როგორიც იყო საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს.
„შეიძლება იყოს რაღაც მცირე გამონაკლისი, მაგრამ არ იქნება რაიმე ფუნდამენტური და, შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება ცესკო-სა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, რომ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს რაიმე შეზღუდვა არ დაუწესდეთ“, - განაცხადა მან.
რაც შეეხება არჩევნების ორშაბათისთვის დანიშვნას, ამასთან დაკავშირებით სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ უკვე რაიმეს გაკეთება შეუძლებელია, გადაწყვეტილება მიღებულია და ამაზე კომენტარი საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში არ შედის.
მან კომენტარი გააკეთა აუცილებელ პირობაზეც, რომ არჩევნებში მონაწილეობისთვის უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეები უნდა იყვნენ საკონსულო აღრიცხვაზე.
„საგარეო საქმეთა სამინისტროს სურს, ძალიან ცალსახად განაცხადოს - ეს გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული დამატებითი დოკუმენტაციების წარდგენასთან დაკავშირებით, გაკეთდა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ თავიდან აერიდებინათ დუბლირება სხვადასხვა ადამიანების და, რომ ისინი არ ყოფილიყვნენ 2 განსხვავებული ქვეყნის საკონსულო აღრიცხვაზე“, - განაცხადა მან.