პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, 1 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს საარჩევნო ოლქებზე კოალიციის მიერ კარდაკარით გადამოწმებული ამომრჩეველთა სიები ექნებათ. ამის შესახებ, უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უსუფაშვილის თქმით, საარჩევნო უბნებზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები განსაკუთრებულ ყურადღებას იმ ამომრჩევლებს მიაქცევენ, რომლებიც კოალიციის კარდაკარის მონაცემებით, მესაკუთრეთა მოთხოვნით რეგისტრაციის მისამართიდან ამოწერილები არიან და ასევე მათ, ვინც საზღვარგარეთ იმყოფებიან.
„ეს ყველაფერი ლეგალურად ვიდეოკამერებზე დაფიქსირდება და შემდეგ გაირკვევა, თუ ვინ მისცა რეალურად ხმა - ამომრჩეველთა სიაში არსებულმა ადამიანმა თუ ყალბი პირადობის მოწმობით ვინმე სხვა პიროვნებამ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, სიებთან დაკავშირებული პრობლემები არჩევნების წინ კვლავ გადაუჭრელი დარჩა.
„პირველი პრობლემა ეს არის მიწერილი ამომრჩევლები და მათი რაოდენობა ორასი ათასია, მეორე პრობლემას კი წარმოადგენს, უცხოეთში მყოფი ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, რომელთაც ხმის მიცემის საშუალება არ ეძლევათ. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას 700 ათასი ხმა გაყალებებისთვის უკვე გამზადებული აქვს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მან ასევე ცსკ-ს და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა და მოუწოდა, რომ უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის დამატებითი ბარიერების შექმნისგან თავი შეიკავონ.
„ხელისუფლება არა მარტო არალეგალურად არამედ, ლეგალურად მყოფებსაც პრობლემებს უქმნის, მათ საცხოვრებელი ადგილის ცნობას სთხოვენ, ასევე 1 ოქტომბერი სამუშაო დღეა და უცხოეთში არასაკმარისი რაოდენობის საარჩევნო უბნები იხსენება“, - განაცხადა უსუფაშვილმა.