წინასაარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებების თემაზე გამართულ კონფერენციაში მონაწილეებმა რეზოლუცია მიიღეს.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ხალხში გაჩნდა იმედი, რომ ეს არის ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების ერთადერთი შანსი, თუმცა ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებებისგან, რომ მზად არის ობიექტური და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისათვის, რადიკალურად განსხვავდება კონკრეტული ქმედებები, რომელსაც ის წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ახორციელებს.
რეზოლუციის ტექსტს From.ge უცვლელად გთავაზობთ:
“საქართველოში 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მიმართ დიდი მოლოდინია, ხალხში გაჩნდა იმედი, რომ ეს არის ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების ერთადერთი შანსი. ხელისუფლება აცხადებს, რომ ობიექტური და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისათვის იგი მზად არის, თუმცა ამ სიტყვიერი განცხადებებისგან რადიკალურად განსხვავდება ის კონკრეტული ქმედებები, რომელსაც ხელისუფლება წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ახორციელებს. ეს ქმედებები თავის გამოხატულებას პოულობენ როგორც საკანონმდებლო სფეროში შეტანილ დისკრიმინაციულ ცვლილებებში, ისე სამართალდამცველი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ ოპოზიციური პარტიების მიმართ განხორციელებულ პოლიტიკური ხასიათის რეპრესიებში, მედიის გავრცელების არეალის შეზღუდვაში და ა.შ. კონფერენციაზე წარმოდგენილი კონკრეტული ვიდეო-აუდიო და დოკუმენტური მასალები ადასტურებენ, რომ ხელისუფლებამ როგორც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს (უკანონო დაკავება-დაპატიმრებებით, დაშინებით, ბიზნესისა და კერძო საკუთრების უკანონო ხელყო¬ფით და ა.შ.), ასევე თავისუფალი აზრის გამომხატველ მედია-საშუალებებს ომი გამოუცხადა. ეს გამოიხატებოდა ანტენების დაპატიმრებაში, თავისუფალი ჟურნალისტების ფიზიკურ ანგარიშსწორებაში და წინასაარჩევნო შეხვედრების ჩაშლის მცდელობებში (მათ შორის, ქვების სროლითა და ფიზიკური ანგარიშსწორებით). სასამართლოები ღიად და დაუფარავად გამოყენებულია განსხვავებული აზრის მატარებელი ადამიანების წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორებისათვის, რომელიც უსიტყვოდ აკმაყოფილებს აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა უსამართლო შუამდგომლობას, რაც გამოხატულია ქონების დაყადაღება-ჩამორთმევაში, დაჯარიმება-დაკავებაში და დაპატიმრებაში. ყოველივე ამან საზოგადოებაში გააჩინა სამართლებრივი დაუცველობის განცდა, როდესაც ხელისუფლება არა პიროვნების ინტერესების დამცველად, არამედ უსამართლო მოძალადედ იქცევა. ასეთ პირობებში შეუძლებელია სამართლიანი და ობიექტური არჩევნების ჩატარება, რაც სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირების სერიოზულ საფრთხეს შეიცავს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან პროცესების სამართლიანი შეფასება შეიძლება, გახდეს ხელისუფლების ძალადობის შემაკავებელი ფაქტორი, რაც ქვეყანას ააცილებს მოსალოდნელ სამოქალაქო დაპირისპირებას და აქედან გამომდინარე, მძიმე შედეგებს. ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება ამ რთულ სიტუაციაში იტყვის თავის სამართლიან სიტყვას და დაეხმარება ქართველ ხალხს 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და მშვიდობიან ჩატარებაში”, – აღნიშნულია რეზოლუციაში.
რეზოლუციას ხელს აწერს 32 ადამიანი, რომელთა შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები, უფლებადამცველები და ჟურნალისტები არიან. კერძოდ, ლელა გაფრინდაშვილი, ლია მუხაშავრია, ნანა კაკაბაძე, ლევან ჩიკვაიძე, ლაშა ტუღუში, რამაზ საყვარელიძე, სოსო ცისკარიშვილი და სხვები.