65 მლნ აშშ დოლარის ინვესტირების სანაცვლოდ, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია „ტავ ჯორჯიას“ თბილისის აეროპორტის მართვის უფლება 2037 წლის ნოემბრამდე გაუხანგრძლივდა.
კომპანიის ინფორმაციით, მართვის უფლების 10 წლითა და 9 თვით გაგრძელებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება „ტავ ჯორჯიასა“ და სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ შორის გაფორმდა.
„ტავ ჯორჯია“ „ტავ აეროპორტების ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიაა და მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წლიდან დაიწყო. საქართველოში განხორციელებული 100 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები.
თბილისისა და ბათუმის აეროპორტების გარდა, „ტავ აეროპორტების ჰოლდინგი“ ასევე ოპერირებას უწევს სტამბოლის, ანკარის, იზმირის, ალანიის საერთაშორისო აეროპორტებს თურქეთში, მაკედონიაში არსებულ 2 აეროპორტსა და ასევე 2 აეროპორტს ტუნისში. 2012 წლიდან ჰოლდინგმა დაიწყო საუდის არაბეთის მედინას აეროპორტის ოპერირებაც. 2011 წელს „ტავ აეროპორტების ჰოლდინგი“ მოემსახურა 451, 000 რეისს და დაახლოებით 53 მილიონ მგზავრს.