აშშ-ის ახალი ელჩი, რიჩარდ ნორლანდი საქართველოს დღეს, გამთენიისას, მეუღლესთან, მერი ჰარტნეტთან ერთად ეწვია.
რიჩარდ ნორლანდს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბრიჯიტ ბრინკი და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დახვდნენ.
როგორც რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოხარულია, რომ კვლავ ესტუმრა საქართველოს. მისი თქმით, ელჩად მუშაობის პირველი ამოცანა ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებებში გარკვევა და საზოგადოების განწყობის შესწავლა იქნება.
„სასიამოვნოა, რომ ისევ ვიმყოფები საქართველოში, ქვეყანაში, სადაც მე ძალიან დიდ სითბოს ვგრძნობდი 1993 წელს სამსახურის დროს. ველი იმ შესაძლებლობას, რომ გავაგრძელო საქართველოსა და აშშ-ს შორის მტკიცე ურთიერთობების აგება. ვიცი, რომ 1993 წლის შემდეგ ამ ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა. ელჩად მუშაობისას ჩემი პირველი ამოცანა იქნება, უკეთ გავერკვე მნიშვნელოვან ცვლილებებში, შევხვდე პოლიტიკის, ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალურად ბევრ წარმომადგენელს, ასევე მოვისმინო დიდი რაოდენობა შეხედულებებისა იმის შესახებ, რა ხდება ამ დინამიურად განვითარებად საზოგადოებაში", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
როგორც ახალი ელჩი აცხადებს, დამოუკიდებლობის მოპოვების პირველი დღეების შემდეგ საქართველომ დემოკრატიული ინსტიტუტების აგების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. მისი თქმით, ამის მიუხედავად, იგი კვლავ აწყდება გამოწვევებს ამ მიღწევების კონსოლიდირების საქმეში.
„ჩემთვის, როგორც აშშ-ის ელჩისთვის, დიდი პატივი იქნება გავერკვე ამ პროცესებში უფრო ღრმად და შევიტანო ჩემი წვლილი დემოკრატიის, მშვიდობის და კეთილდღეობის ხელშესაწყობად საქართველოსა და კავკასიის რეგიონში მთლიანად. მოხარული ვართ, რომ ვიმყოფებით საქართველოში და ველით შესაძლებლობას, უკეთ გავეცნოთ ამ შესანიშნავ ქვეყანას, მის მდიდარ კულტურას და ისტორიას", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.
დიპლომატმა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ჯონ ბასი შეცვალა. რიჩარდ ნორლანდი, რომელიც 32 წელის დიპლომატიურ სამსახურშია, საქართველოში აშშ-ის მეშვიდე ელჩია.