ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ კონფერენციაზე თემაზე „ადამიანის უფლებები წინასაარჩევნო პერიოდში“ სიტყვით გამოსვლისას, ცესკოს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა განაცხადა, რომ ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნებას“ საარჩევნო ნომრად 7-იანის აღების მარტივი, ლეგალური, იურიდიული გზა ჰქონდა.
„ისმის ხოლმე ასეთი აზრი, მიგვეცა 7-იანი რა იქნებოდაო, ეს ადამიანური თვალსაზრისით, ძალიან კარგი იქნებოდა და არავითარი დაპირისპირება არ მოხდებოდა, მაგრამ 7-იანის მიცემა-არმიცემის საკითხს კონკრეტული პოლიტიკური ძალა ისეთი ინტერპრეტაციით იყენებდა, რომ არ ჰქონდა გააზრებული არც იურიდიული და არც სხვა სახის ასპექტები. მთელი პრობლემა კი ის იყო, რომ განაცხადის შემოტანამდე, 19 აგვისტოს 18:00 საათამდე „ქართულ ოცნებას“ 7-იანის მიღების საშუალება ჰქონდა. შეეძლო 2 ან 3 პარტიის დაბლოკვა და რეგისტრაციის შემდეგ მათი დამატება. მე ველოდი ბოლო წამამდე, რომ ისინი ამას გამოიყენებდნენ, თუმცა რაღაც მიზეზის გამო არ გამოიყენეს. გუშინ კი, კოლიციის პრეს-სპიკერის მაია ფანჯიკიძისგან ჩემი მისამართით განცხადება მოვისმინე, რომ მათ მსგავსი რამ არ მოაფიქრდათ“, - განაცხადა ხარატიშვილმა და დასძინა, რომ ვიღაცეებმა იმაზე მეტი პასუხისმგებლობა აიღეს, რომ 7-იანი ჩვენიაო, ვიდრე საჭირო იყო.
ხარატიშვილის თქმითვე, იგი 7-იანის არმინიჭებასთან დაკავშირებით, კოლიციის მხრიდან სამართლებრივი დავის დაწყებას ელოდა.