მმართველი პარტია ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებას” და მის ლიდერებს ქსენოფობიაში ადანაშაულებს. ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ახალმა წევრმა, მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მე-13 ნომერმა სერგო რატიანმა ახალქალაქში გუშინ მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ გაერთიანებულ „ქართული ოცნების” ლიდერებს ერთადერთი რაც აერთიანებთ, ეს ქსენოფობიაა.
„მათი ბოლოდროინდელი ენა გვაფიქრებინებს, რომ მათი მიზანი საქართველოში ქსენოფობიური განწყობების და ეთნიკური შუღლის გაღვივებაა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მათ მოითხოვეს, რომ ამ ადამიანს ქართულად გაეცა პასუხი და როდესაც ეს ვერ მოისმინეს, შეურაცხყოფა მიაყენეს”, - განაცხადა რატიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისმიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2012 წლის 3 სექტემბერს, ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში ამავე კომისიის წევრებმა მედეა ნეფარიძემ, ნინო ფხაკიძემ და საარჩევნო ბლოკის ”ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება” წარმომადგენელმა ბეჟან გუნავამ საოლქო კომისიის თავმჯდომარეს ჰასმიკ მარანგოზიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.