უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის აკაკი მინაშვილის შეფასებით, ეკონომიკური რეფორმების ერთ-ერთი მოთავე, რომელმაც ქვეყანას სერიოზული განვითარება მოუტანა კახა ბენდუქიძე იყო.
აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან მინაშვილმა ლარისა ბურაკოვას წიგნის “რატომ გამოუვიდა საქართველოს“ იმ ნაწილის კომენტირებისას გააკეთა, რომელიც კახა ბენდუქიძის საქართველოში ჩამოსვლას შეეხება.
აკაკი მინაშვილი ჟურნალისტებს ლარისა ბურაკოვას წიგნის მთლიანად გაცნობას ურჩევს. მისი თქმით, ამ წიგნში, მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო ეკონომიკური რეფორმების კუთხით რეგიონალური თვალსაზრისით წარმატების მაგალითია.
„ეკონომიკური რეფორმების ერთ-ერთი მოთავე, რომელმაც ქვეყანას სერიოზული განვითარება მოუტანა, კახა ბენდუქიძე იყო. საქართველოს ეკონომიკა, სამხედრო აგრესიის და ფინანსური კრიზისის მიუხედავად, მდგრადი და გამძლე აღმოჩნდა და ამის ფუნდამენტი ბენდუქიძემ შექმნა. მან გახადა ქართული ეკონომიკა დამოუკიდებელი, მათ შორის რუსეთისაგან და გააფართოვა ბაზრები. ეს არის ადამიანი და ამ წიგნიდანაც კარგად ჩანს, რომელმაც შექმნა ისეთი გარემო, რომ საქართველოთი ბევრი ინვესტორია დაინტერესებული, მიუხედავად ომისა, კრიზისისა და ისეთი პოლიტიკური ძალების არსებობისა, როგორიცაა „ქართული ოცნება“, რომელიც სიტუაციის არევას ყველანაირად ცდილობს“ , - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
ცნობისთვის, ლარისა ბურაკოვას წიგნში “რატომ გამოუვიდა საქართველოს“ ბენდუქიძე საქართველოში ჩამოსვლას იხსენებს. ის ყვება, რომ 2004 წელს „გაერთიანებული მანქანათმშენებელი ქარხნების“ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგა და მეტ ყურადღებას ეკონომიკის უმაღლეს სკოლას უთმობდა. ამ დროს დაურეკა არკადი ვოლსკიმ (ვოლსკი 1992 წლიდან 2005 წლამდე პერიოდში რუსეთის მეწარმეთა კავშირს ხელმძღვანელობდა) და ეუბნება: საქართველოში უნდა წახვიდე. „ვპასუხობ: მე სხვა გეგმები მაქვს! ის კი თავისას იმეორებს: საჭიროა, ხომ გესმის, რას ვიზამთ შენს გარეშე? მორჩა, მივდივართ. სააკაშვილმა მიგიწვია, პუტინი თანახმაა. ყველაფერი მომზადებულია, ჩარტერი შეკვეთილი გვაქვს. გთხოვ, თორემ უხერხულია“, – აღნიშნულია commersant.ge–ს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.