კოალიცია ,,ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ალასანია სოფლების:ჩხორიას, კორცხელის, ერგეტის, ბუკიას, ლომოურის მოსახლეობას შეხვდა. ალასანია ადგილობრივი მკვიდრების პრობლემებს გაეცნო და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრა.
მისი თქმით, მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს გაზრდილი ფასები, სამედიცინო უზრუნველყოფა და სხვა სოციალური პრობლემები. ალასანიას განცხადებითვე, ამ სოფლებში გზებიც ცუდ მდგომარეობაშია.
„ჩვენი ამოცანაც სწორედ ის იქნება, რომ ადგილობრივებს შესაძლებლობა ჰქონდეს, რომ თავისი რესურსით მოიწესრიგოს შიდა გზები. აქ რამდენიმე ადამიანს გავესაუბრე, რომელთაც არანაირ მხარდაჭერას არ უცხადებს არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლება და მიტოვებულები არიან ბედის ანაბარა. ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ ყველა სოფელში იქნება ბაგა-ბაღი, სკოლა და სამედიცინო დაწესებულება“, - განაცხადა მან.
მოსახლეობის განმარტებით,ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლების დავალებით წინა ღამით ხალხს აფრთხილებდნენ, დეპუტატობის კანდიდატთან შეხვედრაზე არ მისულიყვნენ.
კანდიდატის შეხვედრებს ამომრჩევლებთან, მისი მეუღლე, ნათია ფანჯიკიძეც ესწრებოდა.