„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში პოლიტიკური ნიშნით სავარაუდო ზეწოლის, მუქარისა და დევნის 39 შემთხვევა დაფიქსირდა.
შუალედური ანგარიში დღეს, ჟურნალისტებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა და ანგარიშის ავტორმა მიხეილ შარაშიძემ წარუდგინეს.
ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილების ფარგლებს სცდება და მისი საქმიანობა კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.
ანგარიში 2 ნაწილად - სამართლებრივ ანალიზად და დარღვევების შესახებ კონკრეტულ მაგალითებადაა დაყოფილი და 1 აგვისტომდე ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას ასახავს.
„კონტროლის პალატის ძირითად ფუნქციას საქართველოს კონსტიტუციის 97-ე მუხლი განსაზღვრავს, რომლის თანახმადაც, კონტროლის პალატის კომპეტენციაში მხოლოდ „სახელმწიფო სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებისა და ხარჯვაზე“ ზედამხედველობა წარმოადგენდა. 2012 წლის 22 მაისის კონსტიტუციური ცვლილებით კონტროლის პალატა სახელმწიფო აუდიტის სამსახურად ჩამოყალიბდა და მის უფლებამოსილებაში შევიდა არა მხოლოდ სახელმწიფო არამედ, ზოგადად „საჯარო სახსრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებისა და ხარჯვაზე“ ზედამხედველობა ანუ ის, რასაც 22 მაისამდე კონტროლის პალატა ისედაც ახორციელებდა. აქედან აგმოდინარე, 2011 წლის 27 დეკემბრიდან 2012 წლის 22 მაისამდე პარტიათა არასახელმწიფო სახსრების მონიტორინგის თვალსაზრისით კონტროლის პალატის მიერ განხორციელებული საქმიანობა, მაშინ მოქმედი კონსტიტუციის რედაქციით გათვალისწინებული არ იყო“, - ნათქვამია ანგარიშში.
„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გამოიკვლია პოლიტიკური ნიშნით ადამიანთა დევნის - 39, ჟურნალისტების საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის - 10, მეწარმეებსა და კერძო მესაკუთრეებზე პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის - 7 შემთხვევა. ასევე აუდიტის სამსახურის მიერ პარტიების შემომწირველებისა და აქტივისტების დაკითხვისა და დაჯარიმების მრავალი ფაქტი.
ნანუაშვილის განცხადებით, აღნიშნული ანგარიში საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ მისიებსმ საარჩევნო ადმინისტრაციას, უწყებათაშორის კომისიას და სხვა დაინტერესებულ მხარეებს გაეგზავნება.
მონიტორინგი აშშ-ის საელჩოსა და ფონდის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ არჩევნებამდე კიდევ 2 ანგარიშის გამოაქვეყნებას აპირებს.