ბანკი „ქართუს“ პრეზიდენტის ნოდარ ჯავახიშვილის შეფასებით, აღსრულების ბიუროს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, კოალიცია „ქართული ოცნების“ 9 შემომწირველის ქონების აუქციონზე გატანის პროცესი შეჩერდა, აღსრულების ბიუროს თუ პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის სამართლებრივ სივრცეში დაბრუნებას არ ნიშნავს.
ჯავახიშვილის განცხადებით, ეს ქმედება სამართლებრივ სივრცეში დაბრუნებად, რომ განხილულიყო, მაშინ მათ ანგარიშებს ყადაღა უნდა მოხსნოდა და აღნიშნავს, რომ ამ დრომდე მათი ანგარიშები დაყადაღებულია.
„რა საკვირველია, აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო ან ვთქვათ, ქალბატონი მოგელაძის სამსახური საკანონმდებლო სივრცეში დაბრუნდა. იმიტომ რომ, თუ დაბრუნდებოდნენ, მაშინ ყადაღა ხელფასებზეც უნდა მოეხსნათ. უნდა გაემართლებინათ ჩვენი აბსოლუტურად საფუძვლიანი და სამართლიანი ქმედება, სასაცილოა, თურმე ნოდარ ჯავახიშვილს 17 ათასი ვერ დაუსაბუთებია და უამრავმა ხალხმა სამოცი ათასები დაასაბუთა. ეს სამართლებრივ სივრცეში დაბრუნება, რომ იყოს, ქალბატონი ნათია მოგელაძე ბოდიშსაც მოგვიხდიდა, მაგრამ მათ ქონების აუქციონზე გატანის პროცესი შეაჩერეს და ანგარიშებზე ყადაღები არ მოუხსნიათ. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებაზე საერთაშორისო ორგანიზაციების თუ დიპლომატიური კორპუსის მიერ, რაღაც დონის ზეწოლა განხორციელდა და ჯერ ფიქრობენ, თუ რა პასუხი გასცენ ზეწოლას. არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ - ზეგ ეს აუქციონი ისევ აღადგინონ ან შეიძლება აღარც შეეხონ“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.
შეგახსენებთ, აღსრულების ბიურომ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ 9 შემომწირველის ქონების აუქციონზე გატანის პროცესი შეაჩერა.
როგორც აღსრულების ბიუროს პრესსამსახურის უფროსი ბესიკ ლილუაშვილი from.ge-სთან საუბარში აცხადებს, აუქციონზე ქონების გატანის პროცესის შეჩერების მიზეზი, შემომწირველების ნაწილის მიერ, სააღსრულებო ფორმის გაპროტესტება გახდა.
„შემომწირველებიდან ნაწილმა გააპროტესტა სააღსრულებო ფორმა. შესაბამისად, ჩვენ ვითვალისწინებთ ამ ადამიანების უფლებებს. არ გვინდა მათი უფლებები დაირღვეს და შესაბამისად, საქმის არსებით განხილვამდე, ეს პროცესი შეჩერებულია. გატანილი ქონება აუქციონიდან მოიხსნა“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
ცნობისთვის, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბანკ „ქართუს“ პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი და მისი თანამშრომლები კოალიცია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულობის გამო დაჯარიმდნენ.