პოლიტიკურია პარტია „თავისუფალი საქართველო” „ნაციონალური მოძრაობის” მიერ შემოთავაზებულ მედიცინის სადაზღვევო სისტემას აპროტესტებს. ამასთან დაკავშირებით „თავისუფალი საქართველოს”, გენერალურმა მდივანმა, ალექსანდრე შალამბერიძემ დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა.
მისი თქმით, ჯანდაცვის მსოლიო ორგანიზაციის მონაცემებით (2009 წ.) საქართველოში მოსახლეობის ავადობის, სიკვდილიანობისა და ინვალიდობის ხვედრითი წილი საშუალოდ 5-ჯერ აღემატება ევროპის განვითარებულ ქვეყნებს.
შალამბერიძის განცხადებით, ყოველივე ამის მიზეზი კერძო დაზღვევისა და კერძო საავადმყოფოების უალტერნატივობაა.
„ფაქტიურად პაციენტი იქცა სადაზღვევო კომპანიებისა და საავადმყოფოების აღებ-მიცემობის ობიექტად, პაციენტისაგან ფულის რეცხვის საწარმოდ და არა მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შენარჩუნების კერად“, - განაცხადა მან.
განცხადების თანახმად, დღეს ადამიანის ჯანმრთელობის დაცვაში ხელისუფლების პოლიტიკა ძირეულად ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს, ლახავს ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებას - სიცოცხლის უფლებას, პოლიტიზირებულია, აღატაკებს მოსახლეობას და გადაქცეულია ბიზნესის წყაროდ.
„თავისუფალი საქართველო” უპირისპირდება „ნაციონალური მოძრაობის” მიერ შემოთავაზებულ მედიცინის სადაზღვევო მახინჯ სისტემას, რომელიც მიმართულია ადამიანის ეკონომიკური ყვლეფისა და სიცოცხლის საზიანოდ და საქართველოს მოსახლეობას სთავაზობს ალტერნატიულ უფასო სახელმწიფო სამედიცინო და სახელმწიფო სადაზღვევო მომსახურეობას, რაც გულისხმობს ადამიანის სამედიცინო მომსახურეობას, როგორც ამბოლატორიულ, ასევე პროფილაქტიკურ და ჰოსპიტალურ დონეზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
შალამბერიძის თქმით, ამით შესაძლებლობა გვექნება შევქმნათ თითოეულ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ბაზა, და მუდმივი პროფილაქტიკის მეშვეობით ვიზრუნოთ მის ჯანმრთელობაზე, ადამიანის დედის ორგანიზმში ჩასახვიდან მის ღრმა მოხუცებულობამდე.
„ამასთან ამ მოდელით, იმისათვის, რომ ადამიანმა მიიღოს უფასო სახელმწიფო სამედიცინო მომსახურეობა, ინდივიდის მიერ აუცილებელია ერთი პირობის დაცვა: მან აუცილებლად სრულად უნდა დაიცვას ექიმის მიერ მიცემული დანიშნულებები და იმოქმედოს პრინციპით - ”დაეხმარე საკუთარ თავს, იზრუნე შენს ჯანმრთელობაზე, და სახელმწიფოც იზრუნებს შენს ჯანმრთელობაზე”, - დასძინა მან.