პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ 1-ელი ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო სიები წარადგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ბრიფინგი „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა დღეს აჭარაში გამართა.
კახა კუკავას განცხადებით, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ბათუმიდან კენჭს რამინ პაპიძე, ქობულეთიდან - ნიაზ ბოლქვაძე, ხელვაჩაურიდან - ბადრი ცინცქილაძე, ქედადან - გიული ჯაყელი, შუახევიდან - ვახტანგ ზოიძე, ხულოდან - გურამ სურმანიძე იყრის.
1-ელ ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნები გაიმართება.
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვისაც წარადგინა კანდიდატები: ბათუმიდან გურამ თურმანიძე იყრის კენჭს, ქობულეთიდან - ირაკლი ხარაზი, ხელვაჩაურიდან - იამზე ცენტერაძე, ქედადან - რომან ბედინაძე, შუახევიდან - შალვა ველიაძე,ხულოდან მურმან კოჩალიძე.
კუკავას განცხადებითვე, „თავისუფალი საქართველო“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელებას არ აპირებს. მისი თქმით, ფრაქცია მხარს დაუჭერს პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის რეალურ კანდიდატს ოპოზიციიდან ბიძინა ივანიშვილს.
„ბოლო დღეების მანძილზე განიხილება საკითხი, რა უნდა მოხდეს არჩევნების გაყალბების შემთხვევაში. ქართულ საზოგადოებას და ოპოზიციას არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ექნება ორი არჩევანი. ერთი გზა, რომელიც მიდის ხელისუფლებასთან გარიგებაზე და რომელიც მთავრდება პარლამენტის ვიცე-სპიკერის კაბინეტებში და მეორე გზა, რომელიც გადის რუსთაველის გამზირზე, გადის ბარიკადებზე და რომელი გზაც დამთავრდება ოპოზიციის გამარჯვებით და ხელისუფლების შეცვლით“,- განაცხდაა კუკავამ.