შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძარცვის ფაქტზე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, ბექა ჯიქიძე დააკავა. ამის შესახებ შსს-მ განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯიქიძემ 2012 წლის 1 სექტემბერს ექვს პირთან ერთად დანის მუქარით მოქალაქე მიშა ქოჩლიშვილს ფულადი თანხა გასტაცა.
მათივე ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით არის აღძრული.
დღესვე შსს-მ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც დაზარალებული მიხეილ ქოჩლიშვილი ძარცვის ფაქტს ყვება. მისი თქმით, ვარკეთილის მეტროსთან 2-მა ახალგაზრდამ, რომელთაც „ქართულ ოცნების“ მაისური ეცვათ, დანის მუქარით წაართვეს პირადი ნივთები.
შსს-ს ცნობით, სასამართლომ ბექა ჯიქიძეს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.