პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სოზარ სუბარის შეფასებით, აღსრულების ბიუროს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, კოალიცია „ქართული ოცნების“ 9 შემომწირველის ქონების აუქციონზე გატანის პროცესი შეჩერდა, ხელისუფლებაზე საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლითაა განპირობებული.
სუბარის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას ერთადერთი რისიც ეშინია ეს არა სამართალი არამედ, საერთაშორისო საზოგადოების პოზიცია და ზეწოლაა.
„რაც შეეხება შემომწირველებს, ესენი აბსოლუტურად კანონიერი შემომწირველები იყვნენ და თავიანთი ქონების წარმომავლობა დასაბუთებულიც ჰქონდათ. საერთოდ, რაიმე დაჯარიმებასა და უკანონობაზე საუბარი აბსურდი იყო. მე სასამართლოს პირადად ვესწრებოდი და მოსამართლის ქმედების მსგავსი არაფერი მინახავს. შემომწირველებს როდესაც ეკითხებოდა, თუ რატომ გადაწყვიტეს შემოწირულობა გაეკეთებინათ, მათი პასუხის მიღებისას, რომ ჩვენ გვინდა „ქართული ოცნების“ გამარჯვება და ივანიშვილის იმედი გვაქვსო, მოსამართლე კაპასდებოდა და ყვიროდა, სასამართლო პოლიტიკური განცხადებების გაკეთების ადგილი არააო. კი, მაგრამ, როცა პოლიტიკურ პარტიას უკეთებ შეწირულობას, გასაგებია, რომ პოლიტიკური მოტივი გაქვს და სხვანაირად როგორ უნდა ახსნა? ხოლო თუ მაინც დააჯარიმებდნენ ამ პიროვნებებს, მათ აქვს შესაბამისი ხელფასი და შეიძლებოდა ეს თანხა პერიოდულად დაექვითათ. კანონი ამას ითვალისწინებთ. მათ ამის ნაცვლად კი, „ქართული ოცნების“ შემომწირველებს მთელი ქონება უკანონოდ დაუყადაღეს და სრული კანონდარღვევით გაიტანეს აუქციონზე.
ბუნებრივია, ამ ქმედებების შესახებ, ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას. სწორედ მათმა ზეწოლამ აიძულა ხელისუფლება უკან დაეხია და ამ შემთხევაში, ეს აუქციონი გადედო“, - განაცხადა სუბარმა.