პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი იმედოვნებს, რომ არჩევნების შედეგები პირველ ოქტომბერსვე ნათელი გახდება და არჩევნების შემდეგ, მასშტაბური აქციების გამართვის საჭიროება არ იქნება. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ თუ ამის საჭიროება გახდა, ფეხზე მთელ მოსახლეობას დააყენებს და საკუთარ ხმებს დაითვლიან.
„ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა ვახორციელებთ მასშტაბური შეკრების ორგანიზებას და თუ საჭიროება იქნება, მთელ საქართველოს ფეხზე დავაყენებთ და დავათვლევინებთ ხალხის ხმებს“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სხვადასხვა ქალაქებში დაგეგმილი პარტიული ყრილობა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების საპირწონე ვერანაირად ვერ იქნება.
„ნაციონალები აქციას თბილისში სპოტრის სასახლეში გეგმავენ, სადაც მაქსიმუმ 100 00 ადამიანი ეტევა. ჩვენს აქციაზე კი, მინიმუმ 200 000-ზე მეტი ადამიანი მოვიდა. მთელი სახელმწიფო მუშაობს იმაზე, რომ ყველა რაიონში შეკრიბონ ხალხი და ჩვენი აქციის მსგავსი იმიტაცია გააკეთონ. შემდეგ ამ კადრებს „რუსთავი2“-ის, „იმედის“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში დაატრიალებენ, თუმცა მათი სიცრუის დრო დამთავრდა“, - განაცხადა ივანიშვილმა.