დღეს „ახალი მემარჯვენეების“ ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა კახა შავგულიძემ რაიონში არსებული მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ ბრიფინგი გამართა.
ზესტაფონი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას. ყოფილი ფეროშენადნობთა ქარხნის (ამჟამინდელი „ჯორჯიან მანგანეზი“) მიერ ატმოსფეროს დაბინძურების გამო, ზესტაფონი ონკოლოგიურ დაავადებათა კერად იქცა.
ზესტაფონში მილიონები იხარჯება ხელისუფლების წინასაარჩევნო კამპანიად ქცეულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ხოლო მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ონკოლოგიური დიაგნოსტიკის ცენტრის მოწყობის საკითხი არც კი განიხილება.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ქვეყანაში ბიზნესისა და მრეწველობის განვითარებას, მაგრამ აუცილებელია დაცული იყოს ეკოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტები, რათა წარმოებამ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზეგავლენა არ მოახდინოს. ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ზესტაფონში გარემო იყოს სუფთა და ყველა ოჯახი თავს დაცულად და უზრუნველყოფილად გრძნობდეს.“ - განაცხადა კახა შავგულიძემ.