საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 45 ათასი ლარით დააჯარიმა. კომისია მიიჩნევს, რომ კომპანიამ, პასუხისმგებლობის ორჯერ დაკისრების მიუხედავად, კვლავ დაარღვია სალიცენზიო პირობები და არ გააუმჯობესა ქ. თბილისის მოსახლეობის წყალმომარაგება.
შეგახსენებთ, რომ კომისიამ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 2012 წლის 2 აგვისტოს სხდომაზე - 5000 ლარით, ხოლო 16 აგვისტოს სხდომაზე 15 ათასი ლარით დააჯარიმა წყალმომარაგების შეფერხებით მიწოდების გამო. მიუხედავად ამისა, კომპანიამ არ უზრუნველყო თბილისის ცალკეული უბნების წყალმომარაგების გაუმჯობესება, რასაც ადასტურებს კომისიაში შემოსული მოქალაქეთა საჩივრები.
ასევე, კომპანიას არ გამოუქვეყნებია ცალკეულ უბნებში წყალმომარაგების შეწყვეტის შესახებ წინასწარი ინფორმაციები. შესაბამისად, მოსახლეობისათვის უცნობია წყალმომარაგების შეწყვეტის მიზეზები. გარდა ამისა, 16 აგვისტოს შემდეგ, „ჯორჯიან უოთერ ანდ ფაუერს“ არც კომისიისთვის უცნობებია პრობლემატურ მისამართებზე წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად ჩატარებული ღონისძიებების შესახებ.