2012 წლის 3 აგვისტოს ჩვენმა არასამთავრობო კოალიციამ, ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსთვის, მიმართა საქართველოს პრეზიდენტს თხოვნით, რომ სახელმწიფოს საჩუქრად მიეღო 50 000 სატელიტური თეფში, რომელსაც შემდგომში სახელმწიფოს სახელით უსასყიდლოდ დაურიგებდა მოსახლეობას წინასაარჩევნო პერიოდში, მათი ინფორმაციული უზრუნველყოფის მიზანით.
ჩვენს შეთავაზებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დღემდე არ მიგვიღია წერილობითი პასუხი, თუმცა სატელეფონო საუბარში ადმინისტრაციის თანამშრომელმა განგვიცახადა, რომ ასეთი სახის განცხადებებს საერთოდ არ იღებენ წარმოებაში და შესაბამისად არც პასუხობენ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ასეთი დამოკიდებულება და საკუთარი ემიგრანტების ინიციატივის იგნორირება, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არა აქვს კეთილი ნება ჰყავდეს ინფორმირებული ამომრჩეველი, რომელიც შეძლებს საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე გააზრებული პოლიტიკური არჩევანის გაკეთებას.
ჩვენ, 16 არასამათავრობო ორგანიზაციებისაგან შემდგარი კოალიციური გაერთიანება, მიუღებლად მივიჩნევთ საკითხისადმი პრეზიდენტის ადმინისტრაციის აგდებულ დამოკიდებულებას და ათასობით კოალიციის წევრ-ემიგრანტთა სახელით გამოვხატავთ ჩვენს სამართლიან აღშფოთებას.