საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი, გიგა ბოკერია საქართველო-დაღესტნის საზღვარზე მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბარში აცხადებს, რომ აღნიშნული ვითარება რუსეთს მორიგი აგრესიის დაწყების საბაბადაც ვერ გამოადგება.
ბოკერიას განცხადებით, ქვეყნის სუვერენიტეტსა და ზოგადად, უსაფრთხოებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
„ასეთ ვითარებასთან ნამდვილად არ გვაქვს საქმე, მათ შორის იმიტომ, რომ ჩვენი სამსახურები მობილიზებულია, რათა ამ ტიპის ჯგუფის ქმედება იქნას გაუვნებელყოფილი. არანაირი „ზღაპრული საბაბიც“ კი არ გააჩნია რუსეთის ფედერაციას დღეს საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე მოქმედებების ჩასატარებლად“, - განაცხადა ბოკერიადა აქვე აღნიშნა, რომ ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხეები „ჩამოწერილი“ უნდა იყოს.
უშიშროების საბჭოს მდივანი მიიჩნევს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული დაჯგუფების გადმოსვლა დაღესტანში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს უნდა უკავშირდებოდეს.
„ამ ეტაპზე ვერაფერს დავადასტურებთ და არ ვაპირებთ არაფრის მტკიცებას, მაგრამ ისედაც ნათელია, რომ ეს მოვლენები ერთმანეთს უკავშირდება და ის უმძიმესი ვითარება, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებშია და ბოლო რამდენიმე დღეა - უშუალოდ დაღესტანში, აშკარა კავშირშია საქართველოში მომხდარ ფაქტთან. ამაზე მეტს ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი. ამასთან, მინდა ვუპასუხო რუსეთის სასაზღვრო სტრუქტურების წარმომადგენლების განცხადებასაც, რომლებშიც ისინი საქართველო-რუსეთის საზღვრის გადაკვეთის ფაქტს უარყოფენ - ასეთი ლეგიტიმური ვერსიების ამ ტიპის საუბრებით გაქარწყლება ჩემი აზრით არასერიოზულია“, - აღნიშნა ბოკერიამ.
უშიშროების საბჭოს მდივნის ინფორმაციითვე, დაგეგმილი სპეცოპერაციის შესახებ ქართულმა მხარემ საქმის კურსში ჩააყენა როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, ისე შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით უშუალოდ მოსკოვიც.
„ჩვენ ვიზრუნეთ გუშინვე ჰქონოდა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ინფორმაცია ამის შესახებ, ვისარგებლეთ იმ მექანიზმითაც, რომელიც არსებობს ჩვენსა და რუსეთს შორის და ჩვენი შვეიცარიელი კოლეგების მეშვეობით ოპერაციის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ რუსეთის ფედერაციასაც, მათ შორის იმ რისკების გათვალისწინებითაც, რომელიც დღეს არ დგას, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, რომ არ ყოფილიყო რაიმე სპეკულაცია ინფორმაციის ნაკლებობის თაობაზე, ყველა მხარე იქნა ინფორმირებული“, - განაცხადა ბოკერიამ.