ღუდუშაურის კლინიკაში რამდენიმე სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრები მივიდნენ, რომლებსაც თავიანთი ახლობლების შესახებ ინფორმაცია აინტერესებთ. კლინიკასთან არიან რუსთავის 43-ე ბატალიონში მომსახურე ჯარისკაცის გიორგი ბოჭორიშვლის მშობლები, რომლებიც ცდილობენ დაადგინონ, სოფელ ლაფანყურში მომხდარი სპეცოპერაციისას დაჭრილ ჯარისკაცთა შორის იმყოფება თუ არა მათი შვილი.
გიორგი ბოჭორიშვილის დედის ქეთევან ბოჭორიშვილის განცხადებით, შვილს ბოლოს გუშინ დაუკავშირდა და მას შემდეგ კონტაქტი შეწყდა.
„გუშინდელი დღიდან არ ვიცი, სად და როგორ არის ჩემი შვილი. ვერსაიდან ინფორმაციას ვერ ვიღებ. ღუდუშაურის კლინიკასთანაც იმიტომ მოვედი, რომ გავრცელდა ინფორმაცია აქ თურმე დაჭრილი ჯარისკაცები იმყოფებიან. ანალოგიურ მდგომარეობაშია სხვა ჯარისკაცთა მშობლებიც, კერძოდ, ყაველაშვილისა და არჯევანიძის მშობლები“, -განაცხადა მან.
მისივე თქმით, საგანგებო სიტუაციებისას ჯარისკაცებს მობილურებს უთიშავენ.
„მაგრამ ასე როგორ შეიძლება? ის მაინც გაგვაგებინონ, ჩვენი შვილები ცოცხლები არიან თუ მკვდრები“, - განაცხადა მან.
ქეთინო ბოჭორიშვილი ღუდუშაურის კლინიკაში შესვლისას შეეცადა, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა არ შეუშვეს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვართან შეიარაღებული დივერსანტთა ჯგუფის გაუვნებელყოფა დღეს დილიდან მიმდინარეობს.
ოფიციალური ინფორმაციით, ანტიტერორისტული ოპერაციის დროს, სამი მოქალაქე: შსს-ს თანამშრომლები - სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი. ასევე, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე გარდაიცვალა. 5 ადამიანი კი, დაიჭრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-მ ლაფანყურში მძევალთა გათავისუფლების სპეცოპერაცია დაასრულა. დივერსანტთა ჯგუფის დევნის ოპერაცია კი, გრძელდება.