სააგენტო „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ლაფანყურში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის შეფასებისას, აცხადებენ, რომ ბოლო დღეებში საქართველო-რუსეთის საზღვრის დარღვევის შემთხვევა არცერთი მხრიდან არ დაფიქსირებულა.
„თბილისში დროგამოშვებით აკეთებენ ხოლმე მსგავს პროვოკაციულ განცხადებებს, რომლებიც ამწვავებენ საქართველო - რუსეთის საზღვარზე არსებულ ისედაც რთულ სიტუაციას“, - განუცხადა „ინტერფაქსს“ ძალოვანი უწყების წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვართან შეიარაღებული დივერსანტთა ჯგუფის გაუვნებელყოფა დღეს დილიდან მიმდინარეობს. სპეცოპერაციის დროს, 3 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 5 კი, დაიჭრა.