ლოპოტას ხეობაში საქართველოს-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე, სოფელ ლაფანყურთან დივერსანტების დასაკავებლად სპეცოპერაცია გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ამ წუთებში მიმდებარე ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარებისა და კატასტროფის ერთი ბრიგადა მიემართება.
გარდა ამისა, შეინიშნება სამხედრო და პოლიციის მანქანების გადაადგილება. ასევე, რამდენიმე წუთის წინ სპეცოპერაციის ადგილისკენ გაემართნენ ძალოვანი უწყებების დამატებითი ძალები.
სპეცოპერაციის ადგილზე მთელი დღის განმავლობაში შინაგან საქმეთა მინისტრიც იმყოფება.
ოფიციალური ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხორციელდება აღნიშნული ჯგუფის დევნის ოპერაცია. შსს ქვედანაყოფებს ბლოკირებული აქვთ ხეობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სპეცდანიშნულების რაზმის სამი თანამშრომელი და დაიჭრა 5. ამასთან, განადგურებულია დივერსიული ჯგუფის 11 წევრი და ალყაშია 6 წევრი, რომელთა დასაკავებლად სპეცოპერაცია გრძელდება.