„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო არჩევნებისას ადმინისტრაციული რესურსის გამოუყენებლობის შესახებ მემორანდუმს შეუერთდა.
პარტიის სახელით მემორანდუმს ხელი უმრავლესობის დეპუტატმა, აკაკი მინაშვილმა მოაწერა. მისი თქმით, პარტიის მიზანი ქვეყანაში დემოკრატიის კიდევ უფრო განვითარებაა.
„მზად ვართ, ნებისმიერ უწყებასთან, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მიუკერძოებელ სადამკვირვებლო მისიებთან ვითანამშრომლოთ და ნებისმიერი ხარვეზი, თუ ასეთი იქნება, აღმოიფხვრას. ეს არის ჩვენი ცალსახა პოზიცია. ჩვენი პარტიის მიზანი ქვეყანაში დემოკრატიის კიდევ უფრო განვითარებაა. ეს არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იქნება”– განაცხადა მინაშვილმა.
აღნიშნული მემორანდუმი წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას კრძალავს.
შესაბამისი დოკუმენტი ცესკომ, 7–მა არასამთავრობო ორგანიზაციამ და უწყებათაშორისმა კომისიამ მოამზადეს და ყველა პარტიას მოუწოდებს, ხელი მოაწერონ მემორანდუმს.