„თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ნაციონალმა ფერმერებმა და თვითმმართველობის პრიორიტეტულმა შპს-ს უფროსებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე საკმაოდ სოლიდური თანხები შეიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის დედოფლისყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თამილა გურაშვილი ავრცელებს.
მისი თქმით,ფერმერებმა ბაჩუკი გონაშვილმა, ელიზბარ იმერლიშვილმა, ბესიკ თოფჩიშვილმა, ჯემალ კვანჭილაშვილმა, ტარიელ ნატროშვილმა, შპს-ხელმძღვანელებმა შალვა ალუღიშვილმა, გელა ბიღიაშვილმა, ზურაბ ყაზარაშვილმა, ნუგზარ გონაშვილმა და გამგებლის, ნიკოლოზ შანშიაშვილის მამამ, ნოდარ შანშიაშვილმა ნაციონალურ მოძრაობას მთლიანობაში შეწირეს ნახევარ მილიონზე მეტი.
„უნდა აღინიშნოს ის ფაქტი,რომ ხსენებული ფერმერები ბოლო სამი წელია გვალვების და მაღალი გადასახადების გამო, როგორც თვითონ აღნიშნავენ, აქვთ საბანკო ვალები და აქვთ ქონება გირაოთი აქვთ ჩადებული. შპს-ს ერთერთი ხელმძღვანელი კი აღნიშნავდა, რომ ჩამოსულები არიან ფინანსური პოლიციიდან რაღაც თანხების გარკვევასთან დაკავშირებით. გამგებლის მამა ნოდარ შანშიაშვილი, სულ რაღაც ორიოდე წლის წინ რაიონიდან გაქცეული იყო იმიტომ, რომ ჰქონდა დიდძალი ვალები. ამიტომ ჩვენ გამოვთქვამთ საფუძვლიან ეჭვს, რომ ამ ხალხმა გაურკვეველი წარმოშობის ფული შესწირა ნაციონალურ ხელისუფლებას“, - აცხადებს გურაშვილი.
„თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაცია აპროტესტებს აღნიშნულ ფაქტს. პარტია მოითხოვს, აუდიტის სამსახურმა ობიექტურად იმოქმედოს და თუ ოპოზიციური პარტიის შემომწირველებს აჯარიმებს ხუთმაგი თანხით, ასევე ნაციონალური მოძრაობის შემომწირველებზე გაავრცელოს იგივე კანონით დადგენილი წესები.
„მოვითხოვთ, სასწრაფოდ მიიღოს აუდიტის სამსახურმა შესაბამისი რეაგირება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოვაწყობთ საპროტესტო აქციას მოთხოვნით, გაუქმებულ იქნას გადაწყვეტილება ჩვენი პარტიის წევრების დაჯარიმების შესახებ“, - აცხადებენ პარტიაში.