სოზარ სუბარის თქმით, ხელისუფლება როსტომ მეფის სასახლეში  ჯაშუშურ ქმედებებს ახორციელებდა

სოზარ სუბარის თქმით, ხელისუფლება როსტომ მეფის სასახლეში ჯაშუშურ ქმედებებს ახორციელებდა

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის განცხადებით,  როსტომ მეფის სასახლეში რამდენიმე თვის განმავლობაში საეჭვო პირები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ეუთოს დელეგაციის მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადების შემდეგ,  დაკავებული ფართი დატოვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ინფო9„ ავრცელებს.

სუბარის თქმით,  ისინი სპეცსამსახურების წარმომადგენლები იყვნენ და „ქართული ოცნების“ წევრებზე სხვადასხვა სახის თვალთვალს ახორციელებდნენ.

როგორც სუბარი აღნიშნავს, უკვე მოხერხდა ოთახის დათვალიერება, რომელსაც დაუდგენელი ორგანიზაციის თანამშრომლები იკავებდნენ.

„ოთხი დღის წინ, როდესაც აქ შემოვედით გაუსაძლისი სიტუაცია დაგვხვდა. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ცხადია, სპეცსამსახურიდან იყვნენ, არანაირი ფორმა, არავითარი ხელშეკრულება, არანაირი ლეგიტიმური საფუძველი აქ ყოფნის არ ჰქონდათ. იმ დღიდან, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ აპირებს პოლიტიკაში შემოსვლას და ცხადი გახდა, რომ ეს იქნებოდა პარტიის ოფისი, იმავე დღეს ისინი შემოიჭრნენ აქ და დაფუძნდნენ. მშვენიერი ადგილია იმისთვის, რომ უსმინო ნახევარ შენობას მაინც და კომუნიკაციები აკონტროლო. ეს იყო ჩვეულებრივი ჯაშუშური საქმიანობა, თუმცა, როგორც კი,  ეუთოს დელეგაციამ გააკეთა განცხადება ამის შესახებ, იმ დღესვე ეს შენობა დაიცალა, სამარცხვინო ღობე, რომელიც ამ ხელისუფლების სახეს ასახავდა და ნაგავი, რომელიც აქ იყო დაყრილი 2 საათში გახიკეს“, - განაცხადა სუბარმა.