ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ეკა ბესელია და ჩხოროწყუს დეპუტატობის კანდიდატი ლევან იზორია კერძო საკუთრების უკანონოდ ხელყოფის ფაქტებზე საუბრობენ. ამ საკითხთან დაკავშირებით მაჟორიტარობის კანდიდატებმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართეს.
ბესელიას თქმით, კერძო მესაკუთრეთა უფლებების დარღვევის ფაქტებს შორის ყველაზე მტკივნეულად აღიქმება ფოთში ავტოფარეხების (მათ შორის რეგისტრირებულის) დანგრევა.
„2011-2012 წლებში ფოთის მერიამ მოსახლეობას 3 000-მდე ავტოფარეხი უკანონოდ დაუნგრია, მათ შორის 300 მოსახლეს მუნიციპალიტეტის რესურსით, 2 700 მოსახლეს კი იძულებით საკუთარი სახსრებით დაანგრევინეს, მათზე მუდმივად მიმდინარეობდა შანტაჟი და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდებოდა, რამაც მოსახლეობა აიძულა, რომ ამგვარ ქმედებაზე წასულიყო. ეს უკანონო ოპერაცია ფოთის ყოფილმა მერმა გოჩა ლემონჯავამ განახორციელა, რომელიც ახლა „ნაციონალური მოძრაობის" ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. ლემონჯავამ ზეპირი განკარგულების საფუძველზე, ყოველგვარი სამართლებრივი აქტის გარეშე, გასცა დავალება ქალაქის მასშტაბით ავტოფარეხები დაენგრიათ, რითაც არა მარტო კერძო მესაკუთრეებს, არამედ ადგილობრივ ბიუჯეტსაც ზარალი მიაყენა“, - განაცხაადა ბესელიამ და აღნიშნა, რომ მოსახლეობისთვის ავტოფარეხების დანგრევის მოტივაცია დღემდე გაურკვევლად რჩება.
მისივე თქმით, ქონების დაზიანება ან განადგურება, ასევე იძულება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა, რომელიც განხორციელდა ფოთის ყოფილი მერის გოჩა ლემონჯავას და ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ.
„ლემონჯავას ქმედება დანაშაულებრივ ნიშნებს შეიცავს, რის გამოც ფოთის პროკურატურას მივმართავთ, რათა მომხდარზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს, დამნაშავე პირების გამოაშკარავება და მათი კანონის შესაბამისად დასჯა. აქვე დამატებით აღვნიშნავთ, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად კოალიცია "ქართული ოცნების" ფოთის მაჟორიტარი კანდიდატის შტაბმა დაზარალებული პირების საერთო ბაზის შექმნა დაიწყო და მათი უკანონოდ დანგრეული ავტოფარეხების მასალების შესწავლა", - აღნიშნა ბესელიამ.
დღესვე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ამომრჩევლებს ყველა საქმის სრულყოფილად შესწავლას და შემდეგ აღნიშნულ საქმეში მონაწილე ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას დაპირდნენ.