„ახალი მემარჯვენეების" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პაატა მგელაძემ დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ხულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ნანა ხალვაში წარადგინა.
როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კანდიდატმა ზუსტად იცის რაიონის პრობლემები და იმედი გამოთქვა, რომ პარტიის გეგმების განხორციელებისთვის დაუზარებლად იბრძოლებს.
„ქალბატონი ნანა ხალვაში არის ხულოს მკვიდრი და ღვაწლმოსილი პედაგოგი, რომელმაც თაობები გამოზარდა და რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობს რაიონში. მან ზუსტად იცის რაიონის პრობლემები, აქაურების სატკივარი და დარწმუნებული ვარ, მათი ინტერესებისთვის დაუზარებლად იბრძოლებს," – აღნიშნა პაატა მგელაძემ წარდგენისას.
გარდა ამისა, მგელაძის განცხადებით, ნანა ხალვაში იმ იდეების, იმ პრინციპების, იმ პოლიტიკური შეხედულებების თანამოზიარეა, რომელიც პარტიას გააჩნია.
„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამომრჩეველი განვითარების იმ გზას, რომელზეც მთელი ამ დროის განმავლობაში ვსაუბრობდით, ყურად იღებს და მხარს დაუჭერს ქალბატონ ნანას," - აღნიშნა პაატა მგელაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
თავად „ახალმა მემარჯვენეების" აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ხულოს მაჟორიტარობის კანდიდატის ნანა ხალვაშის განცხადებით, მისი მიზანი იქნება სოფელში შეძლებული ოჯახები მომრავლდეს.
„ვიცი სოფლის ცხოვრება როგორია და ამიტომაც სურვილი გამიჩნდა კენჭი მეყარა "ახალი მემარჯვენეების" სახელით . იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებთ," - განაცხადა ნანა ხალვაშმა.