პარლამენტის თავმჯდომარემ და „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ დღეს მაჟორიტარობის კანდიდატები სამეგრელოს სამ რაიონში - აბაშაში, სენაკსა და ფოთში წარმოადგინა.
აბაშაში მმართველი პარტიის სახელით კენჭს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით დარცმელიძე იყრის. ცნობისთვის, ეს ის დარცმელიძეა, რომელიც რამდენიმე თვის წინ ირაკლი ალასანიამ სამეგრელოში ბანდფორმირებების ჩამოყალიბების მონაწილეობაში დაადანაშაულა.
სენაკში მაჟორიტარობის კანდიდატად ბაქრაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი გურამ მისაბიშვილის კანდიდატურა წარმოადგინა. სენაკის მაჟორიტარი 2008 წლის არჩევნების დროსაც გახდა, თუმცა სამეგრელოში პრეზიდენტის რწმუნებულად დანიშნვის გამო, მან გასულ წელს სადეპუტატო მანდატი დატოვა.
ფოთში კი „ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი ბიზნესმენი და ფოთის საკრებულოს წევრი თენგიზ სარიშვილია. სარიშვილი ცოტა ხნის წინ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სამარათლადამრღვევად სცნო.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც საინფორმაციო საშუალებებით ცნობილი გახდა, სარიშვილის მიერ საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე, მოქალაქისათვის საჩუქრად სატელიტური თეფშის გადაცემის თაობაზე, აღნიშნული ფაქტით სახელმწიფო აუდიტის სამსახური დაინტერესდა და დაადგინა, რომ მან 74 წლის პენსიონერს ლუდა უდალოვას საჩუქრად სატელიტური თეფში გადასცა და მისი უსასყიდლოდ დამონტაჟებაც თავადვე უზრუნველყო.