„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა“ მიიჩნევს, რომ საქართველოს მედიაგარემო კვლავ არადამაკმაყოფილებელია. ამ საკითხთან დაკავშირებით „ეროვნული პლატფორმის“ წარმომადგენლებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მედიაპლურალიზმის თვალსაზრისით სიტუაცია გარკვეულწილად გაუმჯობესდა, მრავალფეროვან ინფორმაციაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა მაინც კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება.
„მიგვაჩნია, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით ე.წ. Must Carry/Must offer-ის პრინციპების ამოქმედება წინასაარჩევნო პერიოდში, რომლის საფუძველზეც საკაბელო ოპერატორებმა საერთო მაუწყებლები თავიანთ პაკეტებში ჩართეს, წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს რეგულაცია სრულად ვერ აკმაყოფილებს საზოგადოებრივ ინტერესს, რამდენადაც საკაბელო ტელევიზიების მომსახურებით შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ქალაქების მაცხოვრებელთა ნაწილმა. რეგიონების მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის კი, მრავალფეროვან ინფორმაციაზე წვდომის ერთადერთ საშუალებად კვლავ სატელიტური ანტენები რჩება", - ნათქვამია განცხადებაში.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის განმარტებით, შეშფოთებას იწვევს ტელეკომპანია "მაესტროს" სატელიტური ანტენების დაყადაღების ფაქტი.
„აღნიშნული ქმედება მიუღებელია, რამდენადაც ზღუდავს კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების, საკუთრების უფლების რეალიზებას და სცდება სამართლებრივ ფარგლებს. ამავდროულად, ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია ხელისუფლების მიერ აღიარებული Must Carry-ისა და Must offer-ის პრინციპების სულისკვეთებასთან და დისკრიმინაციულ პირობებში აყენებს საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელსაც არ გააჩნია საკაბელო მაუწყებლობაზე წვდომა. ამასთან მიგვაჩნია, რომ Must Carry-ისა და Must offer-ის წესების მოქმედებისათვის კანონით დადგენილი ვადები, რაც გულისხმობს მის შეწყვეტას არჩევნების წინა დღეს, არაგონივრულია და სრულად ვერ ასახავს საზოგადოებრივ ინტერესს. არჩევნებთან მიმართებაში, მრავალფეროვან ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი უნდა იქნას განგრძობითად, ვინაიდან მას არ გააჩნია მხოლოდ ამომრჩევლის წინასაარჩევნოდ ინფორმირების ფუნქცია. პლურალისტული მედიაგარემო, ამავე დროს, არის არჩევნების მთლიანი პროცესის გამჭვირვალობის და მისდამი ნდობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი და ზოგადად, დემოკრატიული პროცესის განუყოფელი კომპონენტი", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ფორუმის წარმომადგენლების თქმით, მათ შეშფოთებას იწვევს ასევე ბოლო დროს ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ძალადობისა და პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის ფაქტებიც. მათი თქმით, ჟურნალისტებისათვის საარჩევნო ღონისძიებებზე დასწრებისა და გაშუქებისათვის შეუფერხებელი პირობების უზრუნველყოფა, აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ ამომრჩეველმა მიიღოს სრულფასოვანი ინფორმაცია.
„ხელისუფლებისაგან მოვითხოვთ, დაუყონებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყოს ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის თითოეული ფაქტის სრულყოფილი გამოძიება, დააკისროს შესაბამისი პასუხისმგებლობა ძალადობის ინიციატორ და განმახორციელებელ პირებს და, ამგვარად, მოახდინოს მსგავსი ფაქტების პრევენცია", - აღნიშნულია განცხადებაში.