ექსპერტი სამხედრო საკითხებში, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, კონკრეტულად კი, ლოპოტას ხეობაში არსებულ ვითარებასთან და დევნის ოპერაციასთან დაკავშირებით, გავრცელებული ინფორმაცია ძალიან მწირი და ბუნდოვანია.
„რიგ შემთხვევაში, ფაქტები გავრცელებულ ინფორმაციას არ ემთხვევა. თითქოს, სხვადასხვა ჯგუფები აიყვანეს მძევლად და ზოგის გათავისუფლება სპეცოპერაციით მოხდა, თუმცა დეტალები თუ როგორ მოხდა მათი გათავისუფლება უცნობია. არ ვრცელდება ოფიციალური ინფორმაცია რამდენი დივერსანტია შემოსული და რა მიზნით იმყოფებიან. მოხდა თუ არა მათი განადგურება. მძევლები თუ გაათავისუფლეს, თავისთავად, რაღაც შემდგომი მოვლენები უნდა განვითარებულიყო. გამოჩნდა ეს ჯგუფი, მიიმალა თუ რა მოხდა. იმდენად არასაკმარისი ინფორმაციაა გავრცელებული, დეტალებზე საუბარი ძალიან მიჭირს“, - განაცხადა სესიაშვილმა.
სესიაშვილის თქმით, საკუთარი ინფორმაციითა და ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, სპეცოპერაცია მძევლების, ხუთი ახალგაზრდის გათავისუფლებისთვის არ ჩატარებულა, ხოლო თუ მძევლების კიდევ სხვა ჯგუფი არსებობდა, ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
სესიაშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა ხელისუფლება ახლა, საკმაოდ რთული გადაწყვეტილების წინაშე დადგეს.
„რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს შეიარაღებულ ჯგუფთან მიმართებაში. ეს შეიძლება პოლიტიკურ საკითხებს უკაშირდებოდეს. ეს თუ ის ჯგუფია, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტულ აქტებს აწყობს, თუ ქართულმა მხარემ არ იმოქმედა, შესაძლოა მოქმედება რუსეთმა დაიწყოს. ამიტომ როგორ იმოქმედებს ჩვენი ხელისუფლება ეს ალბათ, გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს. უნდა გაანადგურონ ეს ჯგუფი, უნდა აიყვანონ გადასცენ ან არ გადასცენ, ეს რთული საკითხია“, - განაცხადა სესიაშვილმა.
რაც შეეხება, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებას, რომ არა გამორიცხული ყოველივე ამის უკან რუსეთის ჩანაფიქრი იყოს, სესიაშვილი აცხადებს, რომ ეს კიდევ უფრო ცალკე განხილვის თემაა.
„ეს საკითხი კიდევ უფრო ცალკე განხილვის თემას წარმოადგენს, თუ რას დაარქმევს ხელისუფლება ამ ჯგუფს. ეს არის რუსების მიერ გამოგზავნილი დივერსიული ჯგუფი თუ ეს არის ტერორისტული ჯგუფი“, - განაცხადა სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, აღმოჩენილი შეიარაღებული ჯგუფის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, აღნიშნული ჯგუფის დევნის ოპერაცია ამ დრომდე ხორციელდება. გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილია კრიზისების მართვის შტაბი, რომელშიც შედის შინაგან საქმეთა, იუსტიციის და თავდაცვის სამინისტროები. შემუშავებულია უწყებათაშორისი კოორდინირებული მოქმედების გეგმა, რომელსაც ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვრცელდება ინფორმაცია ერთი გარდაცვლილი დივერსანტის, ორი ქართველი სპეცრაზმელის დაღუპვის და დაჭრილების შესახებ.
დაჭრილები თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში არიან გადმოყვანილნი. ტერიტორიაზე შესვლა, საავადმყოფოს პერსონალის გარდა, ყველასთვის აკრძალულია.
კლინიკაში ცოტა ხნის წინ დაცვის პოლიციაც მივიდა, რომელიც საავადმყოფოს პერიმეტრს იცავს.