დღეს ანჩისხატობაა

დღეს ანჩისხატობაა

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, ანჩისხატობას -იესო ქრისტეს ხელთუქმნელი ხატის ედესიდან კონსტანტინოპოლში ჩამობრძანებას დღესასწაულობს. მაცხოვრის ხელთქუმნელი ხატი ქრისტიანობის უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს.

 როცა განკაცებული ღმერთი ჯერ კიდევ ადამიანთა შორის ცხოვრობდა და მათ სასწაულებით აჯილდოებდა. ქალაქ ედესის მთავარი ავგაროზი, უკურნებელმა სენმა შეიპყრო, მან შიკრიკი აფრინა იესო ქრისტესთან და მისწერა, რომ თუ ამ სნეულებისაგან განკურნავდა, მის ყოველ ნებას აღასრულებდა და ურიებისაგან დევნილს თავის სამეფოში მოსვენებით აცხოვრებდა. იესო ქრისტემ საპასუხოდ ლოცვა-კურთხევის წერილი გამოუგზავნა, რომელშიც წერდა, რომ მისვლას ვერ შეძლებდა, რადგან თავისი დიდი საქმე ჯერ ისევ აღსასრულებელი ჰქონდა. მაშინ ავგაროზმა, კარის მხატვარი გაგზავნა, რათა ქრისტეს სახე დაეხატა და მისთვის ჩამოეტანა. ბევრს ეცადა მხატვარი, მაგრამ მაცხოვრის სახის ტილოზე გადატანა ვერ შეძლო, მაშინ იესომ მას ტილო გამოართვა, სახეზე მიიფარა და მასზე მისი სახე სასწაულებრივად აღიბეჭდა. ავგაროზისაკენ მიმავალი მხატვარი მოციქულ თადეოზთან ერთად გზაში ღამის გასათევად გაჩერდა, ხოლო ხატი იმის შიშით, რომ არ დაზიანებულიყო, ორ გამომწვარ კეცს შორის ჩაასვენეს. დილით კი, როცა იგი კეცებიდან ამოასვენეს, ნახეს, რომ მაცხოვრის ხატი ზემო კეცზეც გადასულიყო. ქალაქის გამგებელმა ის კეცი თავის სასახლეში წაასვენა. მე-6 საუკუნეში მაცხოვრის ხატიანი კეცი მონოფიზიტური მწვალებლობის მიმდევართა ტაძარში მოხვდა. იქ იგი ნახა წმიდა ანტონ მარტომყოფელმა, ათცამეტ მამათაგან ერთ-ერთმა და რათა ეს დიდი სიწმინდე მწვალებელთა ხელში არ დარჩენილიყო, ფარულად წამოიღო, ხოლო როცა იოანე ზედაზნელთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა, ხატიც თან ჩამოასვენა.

 უფლის ხელთუქმნელი ხატი ედესაში ჩაასვენეს. ავგაროზი ექვსწლიანი მძიმე ავადმყოფობისგან ხატთან ერთი შეხებისთნავე განიკურნა.

 VII საუკუნეში არაბებისგან დასაცავად ბერძნებმა ხელთუქმნელი ხატი ედესიდან კონსტანტინეპოლში გადააბრძანეს და წმინდა სოფიასტაძარში დაასვენეს.

 VIII-IX საუკუნეებში, როცა ბიზანტიაში ხატმებრძოლეობა დაიწყო, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი კლარჯეთში, კერძოდ, ანჩის საეპისკოპოსო ტაძარში გადასვენეს. 1194 წელს, თამარის ბრძანებით, ხატი სახელგანთქმულმა ოსტატმა ბექა ოპიზარმა მოჭედა.

 თამარის გარადაცვალების შემდეგ ურჯულოთა შეურაცხყოფისგან დასაცავად მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ანჩიდან ჯერ ახალციხეში, შემდეგ კი თბილისში ჩამოასვენეს და საკათალიკოსო ტაძარში დააბრძანეს. მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სადიდებლად, რომელსაც იმის გამო, რომ მრავალი საუკუნის მანძილზე ანჩის ტაძარში ესვენა, ანჩისხატი ეწოდა, ამის შემდეგ ამ საკათედრო ტაძარს, რომელიც მე-7 საუკუნეში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე აშენდა, ანჩისხატის ტაძარი ეწოდა. კომუნისტური რეჟიმის დროს ანჩისხატი ხელოვნების მუზეუმში გადაიტანეს. უფლის ხელთუქმნელი ხატი დღემდე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება და მუდმივმოქმედ ექსპოზიციაშია გამოფენილი. მრევლი კი ანჩისხატის ისევ ტაძარში დაბრუნებას ითხოვს.