პარტია „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა“ თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში განვითარებულ მოვლენებს მდგომარეობის ესკალაციად აფასებს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ბალიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, შესაძლოა სოფელ ლაფანყურის მოვლენები გამიზნული პროვოკაცია იყოს. ბალიაშვილი აცხადებს, რომ 5 ახალგაზრდა, რომლებიც ტყეში დაიკარგნენ, სინამდვილეში არა დაკარგული, არამედ, შეიარაღებული დაჯგუფების მიერ ტყვედ იყვნენ აყვანილნი.
„შეიარაღებული დაჯგუფება სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაციის საზღვრიდან შემოვიდა და მათი რაოდენობა 17-მდე მერყეობს. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, რეგიონში მდგომარეობა ყოველ წუთს იძაბება. გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. შეყვანილია რამდენიმე ერთეული ვერტმფრენი, მძიმე ტექნიკა, შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს შენაერთები. ადგილობრივების ინფორმაციით, წუხელ მთელი ღამის განმავლობაში ტყიდან სროლის ხმა ისმოდა“ - განაცხადა ბალიაშვილმა და აღნიშნა, რომ ამის გამო მოსახლეობა პანიკაშია და არ იცის როგორ მოიქცეს.
ბალიაშვილის თქმით, გარდაცვლილია ლაფანყურის ერთი მაცხოვრებელი, რასაც შსს უარყოფს.
„ადგილობრივებს აქვთ ვარაუდი, რომ ამ ადამიანმა თავი კი არ მოიკლა, არამედ ოპერაციის დროს დაიღუპა. რუსეთის საზღვრებთან ეს პროვოკაცია შესაძლოა, სააკაშვილის ინტერესში შედიოდეს. ამავე დროს, ჩნდება ბუნებრივი კითხვა, რატომ ვერ ან არ ახერხებს საქართველოს ხელისუფლება დაიცვას საქართველოს საზღვრები შეიარაღებული დაჯგუფებებისგან?“- განაცხადა ბალიაშვილმა.
მისივე თქმით, არსებობს საფუძლიანი ეჭვი, რომ ეს გამიზნული პროვოკაციაა, რომლის მიზანი მდგომარეობის ესკალაციაა.