სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, „საქართველო არ იყიდებას“ წევრების მისამართით გავრცელებული განცხადების შეფასებისას, „საქართველო არ იყიდებას“ ერთ -ერთი დამფუძნებელი გიგა ნასარიძე აცხადებს, რომ გაუგებრობა შიგნით, ორგანიზაციაში მოხდა.
„ჯარიმა ორგანიზაციაში გაუგებრობას მოჰყვა. ვიდეოკლიპები რომ დავამზადეთ აუდიტის სამსახურში იურიდიულად სწორად გაფორმება ვერ მოხდა. სხვა საკითხში არ გვედავებიან, ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც საჭირო იყო“, - განუცხადა სააგნეტო news.ge-ს ნასარიძემ.
ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა ორგანული კანონით განსაზღვრული მონიტორინგის სუბიექტის - ააიპ „საქართველო არ იყიდება“- ს წევრების გიგა ნასარიძისა და ირაკლი ლექვინაძის მიერ პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ განხორციელებული არაფულადი შემოწირულების საკითხი. ამასთან დაკავშირებით შესაბამისის უწყების მიერ გავრცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ააიპ „საქართველო არ იყიდება“-ს მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არ არის ასახული ვიდეო რგოლების სახით არაფულადი შემოწირულების მიღების ფაქტი და არ არის დეკლარირებული „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესების დაცვით. შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ააიპ „საქართველო არ იყიდება“-ს მიმართ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც ორგანული კანონით განსაზღვრული სანქციის ოდენობა შეადგენს 5000 ლარს.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციითვე, სამართალდარღვევის საქმე განსახილველად ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა.