სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ქართველ ადამიანს არჩვეულებრივ ადამიანს უწოდებს.
როგორც პატრიარქმა სიონის საკათედრო ტაძარში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას აღნიშნა, ქართველი ადამიანი ღვთისგან მრავალი სათნოებით და სიკეთითაა დაჯილდოებული. საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა გახდა.
პატრიარქის თქმით, ადამიანი მუდამ კი არ უნდა სთხოვდეს უფალს, ღვთისმშობელს და წმინდანებს, არამედ უნდა მადლობდეს იმ დიდი წყალობისთვის, რომელსაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გვიგზავნის.
„გილოცათ ყველას მარიამობას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლოს ლოცვა და მფარველობა არ მოგაკლოთ თქვენ და სრულიად მსოფლიოს, სრულიად საქართველოს. ქართველი ადამიანი რაღაც არაჩვეულებრივი ადამიანია და დაჯილდოვებულია ღვთისაგან მრავალი სათნობით, მრავალი სიკეთით. რა დავიმსახურეთ ჩვენ ამისთანა? თუნდაც ავიღოთ ის, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ვართ თუ არა ჩვენ ღირსნი ამისი? რა თქმა უნდა, არ ვართ, მაგრამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ ნებითა ღვთისათა აირჩია ქართველი ერი, რომ საქართველო მისი მფარველობის ქვეშ ყოფილიყო. ასეთი ჩვენს ისტორიაში მრავალი საკითხია, მრავალი შემთხვევაა, როცა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ჩვენი ერი მოსპობისაგან, განადგურებისაგან გადაარჩინა. მრავალი ერი და ქვეყანა ყოფილა ჩვენზე ძლიერი, მაგრამ დღეს არ სჩანს მათი კვალიც. დრომ აღგავა პირისაგან მიწისა. მაგრამ როცა ადამიანს, ან ერს ეძლევა დიდი მადლი, უნდა ვიცოდეთ, გვახსოვდეს, რომ ჩვენ უნდა დავაფასოთ ეს. ადამიანი მუდამ კი არ უნდა სთხოვდეს უფალს, ღვთისმშობელს და წმინდანებს, არამედ უნდა მადლობდეს იმ დიდი წყალობისთვის, რომელსაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გვიგზავნის. მრავალი შემთხვევა ყოფილა, როცა ჩვენი ერი უფსკრულთან მისულა, უფსკრულის პირას დამდგარა, არა მარტო მისულა, არამედ ჩაუხედია შიგ, მაგრამ ამ დროს, როცა ძალიან უჭირდა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა ეხმარებოდა ქართველ ხალხს და გადაარჩენდა ამ განადგურებისგან. დღესაც მრავალი სირთულეა მსოფლიოს წინაშე და მათ შორის ქვეყანათა შორის, საქართველოს წინაშე. მე მინდა, გითხრათ, რომ არ უნდა შეგვეშინდეს ამ განსაცდელის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა არ დაუშვებს, რომ საქართველო განადგურდეს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა გადააფარებს თავის კალთას საქართველოს. შემთხვევით არაა, რომ მრავალი ლოცვა დაწერილა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ. „დედაო ღვთისაო შენი ხვედრია ეს საქართველო დიდჭირნახული“ და ასეთი მრავალია“, - ბრძანა უწმინდესმა.