კოალიცია „ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს საარჩევნო შეხვედრებს ტყიბულსა და თერჯოლაში გამართავს.
როგორც კოალიციის პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ From.ge ს განუცხადა, ეს ჩვეულებრივი, რიგითი შეხვედრა იქნება მოსახლეობასთან. ამიტომ მისი თქმით, ამისათვის განსაკუთრებული სამზადისი - სცენის მონტაჟი და სხვა სამუშაოები არ მიმდინარეობს.
„მას ორივე რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დახვდებიან. კოალიციის ლიდერი მოსახლეობას საარჩევნო პროგრამას გააცნობს და რეგიონის პრობლემებზე ესაუბრება. იქ იქნება მუსიკაც, სიტყით გამოსვლებიც, ბოლოს, რათქმაუნდა, ბიძინა ივანიშვილი ადგილობრივ მოსახლეობას მიმართვას“, - განაცხადა ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ ის ისეთი ხალხმრავალი შეკრება იქნება, როგორიც გუშინდელი შეხვედრები იყო.
გუშინ კი ივანიშვილმა საარჩევნო შეხვედრა ამბროლაურში, "ვარდების მოედანზე" გამართა. კოალიციის ლიდერები "ქართული ოცნების" რიგით მერვე აქციაზე მისულ მხარდამჭერთა რაოდენობით კმაყოფილები დარჩნენ და აცხადებდნენ, რომ ხალხის რაოდენობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.