შპს „ელიტა ბურჯის“ იურისტი იმედა ნიკურაძე თავისუფალია. მან 20-დღიანი პატიმრობის ვადა თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში მოიხადა. კოლეგის დასახვედრად და მხარდასაჭერად იზოლატორთან ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და ცნობილი ადვოკატები შეიკრიბნენ. მათ შორის იყვნენ შალვა შავგულიძე, ალა კახნიაური, გელა ნიკოლაიშვილი, ლალი აფციაური და სხვები.
წინასწარი დაკავების იზოლატორიდან განთავისუფლებულმა ადვოკატმა თავისი ადვოკატების და კოლეგების მისამართით მადლიერება გამოხატა.
„ჩემმა ადვოკატებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს, რომ ჩემს მიმართ გამამტყუნებული განაჩენი არ დამდგარიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც კანონზე მაღლა ხელისუფლება დგას. ვინაიდან საქართველოში სასამართლო ხელისუფლება ღრმა კრიზისშია და მართლმსაჯულება კანონის შესაბამისად არ ხორციელდება, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ საქმეზე ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს მივმართოთ, რომელსაც ყველა ის მტკიცებულება წარედგინება, რომელიც ადგილობრივმა სასამართლოებმა არ გაიზიარა და რომელი მტკიცებულებებითაც ჩემს უდანაშაულობას დაადასტურებენ. ასევე მადლიერებას გამოვხატავ ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლების და ყველა ჩემი კოლეგის მისამართით, ვინც აღნიშნული საკითხი საყოველთაო განსჯის საგნად აქციეს და რომლებისთვისაც ყოველი უკანონოდ დაკავებული პატიმარი მითუმეტეს, თუ ეს ადვოკატი იქნება, პირადი ღირსების შელახვის ტოლფასია“, - განაცხადა ნიკურაძემ.
მისი თქმით, ის სხვა პატიმრებისაგან განსხვავებით, სხვა რეჟიში იყო.
„იყო შემთხვევა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ სარეკლმაო რგოლი „მიშა მაგარია“ ჩამირთეს. დაახლოებით, ეს ვიდეო რგოლი სამჯერ დაატრიალეს. გასეირნებაზე, რომ მივმართე, კანონის წესით, დღეში ერთი საათი მეკუთვნის გასეირნეობათქო, მპასუხობდნენ, ივანიშვილმა გაგასეირნოსო. ახლა, მეღიმება, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ყველაფერი იქ ძნელი მოსასმენია“, - განაცხადა ნიკურაძემ.
იმედა ნიკურაძის ადვოკატის ალა კახნიაურის განცხადებით, ნიკურაძის დაკავება უკანონოდ მოხდა.
„იმედა ნიკურაძე „ელიტა ბურჯის“ იურისტად მუშაობდა. იგი ასევე ადვოკატთა ასოციაციის წევრია შესაბამისად, როცა „ელიტა ბურჯში“ აღმასრულებლები მივიდნენ და შესვლას უკანონოდ ითხოვდნენ, მან თავისი მოვალეობა შეასრულა და საბუთი მოითხოვა, რის გამოც, უკანონოდ იქნა დაკავებული და 20 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა“, - განაცხადა კახნიაურმა.