ბათუმში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების მოთხოვნით დევნილებმა მდუმარე აქცია გაიმართეს. აქციის მონაწილეები პროტესტის ნიშნად ილია ჭავჭავაძის ძეგლთან შეიკრიბნენ და ანთებული სანთლებით წარწერა „sos“ გამოსახეს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი უკვე 8 თვეა პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა მათი თხოვნა ამ დრომდე არ დაკმაყოფილებულა.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის ნანა ნაჭყებიას თქმით, პრეზიდენტის ექსკორტმა წუხელ, დაახლოებით ღამის პირველ საათისთვის მათთან ახლოს ჩაიარა.
„ჩვენ პრეზიდენტის ყურადღების მიქცევა გზის გადაკეტვითვცადეთ, თუმცა, პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მოგვცა“, - განაცხადა მან.
აქცია სახოვრებელი ბინებისა და პრეზიდენტთან შეხვედრის მოთხოვნით წუხელ ღამის 3 საათამდე გაგრძელდა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დევნილები კარვების გაშლითაც იმუქრებიან.
ცნობისთვის, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები სასტუმროებიდან „კოლხეთი“ და „მესხეთი“ 2006 წელს იძულებით გამოასახლეს.