სახელმწიფო აუდიტის სამსახური პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" უკანონო შემომწირველების მიმართ 1.575.000 ლარის ოდენობით სანქციის გამოყენების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ აუდიტის სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც From.ge უცვლელად გთავაზობთ:
1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულებების წარმომავლობის კანონიერება შეისწავლა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ოფიციალურად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ პოლიტიკური სუბიექტისათვის სოლიდური თანხების შემომწირველი ხუთი პირის შემოსავლები შეუსაბამოა რაიმე სახის დანაზოგის განხორციელების შესაძლებლობასთან.
ადმინისტრაციული წარმოების შედეგად ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხუთი შემომწირველი პირის სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე. შესაბამისად, მათ მიერ პოლიტიკური გაერთიანებისთვის შეწირული თანხები ჩაითვალა უკანონო შემოწირულობად და სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული სანქციის (1.575.000 ლარის) ფარგლებში ყადაღა დაედო მათ ქონებას.
უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განსახილველად ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა.
2. პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისათვის" შეწირული თანხების კანონიერების შესწავლის პროცესში ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მიიჩნია, რომ ერთი პირის შემოწირულობის შემთხვევაში გამოიკვეთა მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადების ნიშნები. საკითხის ამომწურავად შესწავლის და შემდგომი რეაგირების მიზნით, საქმის მასალები საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეგზავნა.
3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიმართავს წინადადებით მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" უკანონოდ მიჩნეული თანხები დაუბრუნოს შემოწირულობის განმხორციელებელ პირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონის შესაბამისად, აღნიშნული თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება.