"ინფო 9" ჟურნალისტებზე განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც From.ge გ უცვლელად გთავაზობთ:
საინფორმაციო სააგენტო “ინფო 9”-ის ჟურნალისტებზე ძალადობის და დევნის ფაქტებმა სისტემატური ხასიათი მიიღო. მიუხედავად სამართალდამცავი ორგანოებისადმი არაერთგზის მიმართვისა, აღნიშნული ფაქტები რეაგირების გარეშეა დატოვებული. გაწვდით ინფორმაციას ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით და გთხოვთ მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება.
ფაქტების აღწერა:
1. ჟურნალისტ ეკა დუგლაძის დევნის ფაქტი. 2012 წლის 29 ივნისიდან ადამიანების გარკვეული ჯგუფი (ეგრეთწოდებული ,,მედია ჯგუფი’’), რომლებიც თავის თავს ჟურნალისტებს უწოდებენ, თავიანთი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით და ძალადობით, სისტემატურად ხელს უშლიან ეკა დუგლაძეს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში. ჟურნალისტს არ აძლევენ არა თუ მუშაობის, არამედ ნორმალურად გადაადგილების საშუალებასაც კი. ამა წლის 6 ივლისს ზესტაფონის რაიონის პროკურორს მივმართეთ თხოვნით აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების შესახებ. დღემდე განცხადება რეაგირების გარეშეა დატოვებული. სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობის შედეგად გამოჩნდნენ სხვა ჯგუფებიც, რომლებიც ჟურნალისტებს ხელს უშლიან საქმიანობის განხორციელებაში.
ეკა დუგლაძეს, 2012 წლის 30 ივლისს, პირთა ჯგუფი, რომლებიც თავს ,,სამეგრელოს მედია ჯგუფის’’ ჟურნალისტებს უწოდებენ, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და მთელი დღის განმავლობაში არ აძლევდნენ მუშაობის საშუალებას. 2012 წლის პირველ ივლისს ეკა დუგლაძე იმყოფებოდა ოპერატორ შოთა ფერაძის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც იქ მივიდნენ ეგრეთწოდებული მედიაჯგუფის წარმომადგენლები და პროვოკაციული კითხვებით ცდილობდნენ ჟურნალისტის წყობიდან გამოყვანას. მიუხედავად დუგლაძის თხოვნისა, რომ იქ მისი მცირეწლოვანი შვილი იყო, ბავშვს ეშინოდა და დაეტოვებინათ ტერიტორია, მაინც არ შეწყვიტეს მისი დევნა.
2. 2012 წლის 12 ივლისს, გორის რაიონში, დევნილთა კარალეთის დასახლებაში გადასაღებად მისულ ჟურნალისტ რევაზ ნადირაძეს და ოპერატორ ლექსო ალექსიძეს სასტიკად გაუსწორდნენ; ოპერატორი დაახლოებით რვა პირმა სასტიკად სცემა და წაართვეს ვიდეოკამერა. მიუხედავად ამისა დღემდე აღნიშნული ფაქტი რეაგირების გარეშეა დატოვებული. როგორც გამომძიებელმა შერმადინ კაპანაძემ განგვიცხადა, ის არ თვლის, რომ ჟურნალისტების ცემის ფაქტი და მათთვის კამერის წართმევა დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
3. 2012 წლის 12 ივნისს ზესტაფონის რაიონში, ამავე რაიონის სამხედრო გაწვევის სამსახურის და სამაშველო სამსახურის უფროსებმა ვალერი თელიამ და ავთანდილ დარდაგანიძემ, თანმხლებ პირებთან ერთად, სიუჟეტის მომზადების დროს სასტიკად სცემეს ჟურნალისტი როსტომ ჯუღელი და ხელი შეუშალეს გადამღებ ჯგუფს მუშაობაში. მიუხედავად ამისა, გამოძიებას დღემდე არანაირი ქმედითი ზომები არ მიუღია.
4. გორის რაიონში, ოპერატორ თორნიკე თიბილაშვილს ორჯერ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. 1. 2012 წლის 13 ივნისს სოფელ დირბის გამგებელმა ზურაბ ბოლაშვილმა და სხვა პირებმა, ძალადობით ჩაშალეს გადაღების პროცესი, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიაყენეს ოპერატორ თორნიკე თიბილაშვილს და დაუზიანეს ვიდეოკამერა. 2. 2012 წლის 9 ივლისს კოალიცია `ქართული ოცნების~ მოსახლეობასთან შეხვედრის გასაშუქებლად მისულ თორნიკე თიბილაშვილს უცნობმა პირმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც მიიღო ფიზიკური დაზიანება.
5. 2012 წლის 12 აგვისტოს, ლანჩხუთის რაიონის მუნიციპალიტეტის წინ მდგარი მიკროავტობუსებით, ნაცოონალურ მოძრაობას ბათუმის მიმართულებით გადაყავდა მასწავლებლები და პარტიის აქტივისტები. აღნიშნულთან დაკავშირებით, “ინფო9”-ის გადამღები ჯგუფი ამზადებდა რეპორტაჟს. ერთ ერთ მიკროავტობუსში ჟურნალისტი კითხვებს უსვამდა რესპოდენტებს, რა დროსაც მოვიდა ნაციონალური მოძრაობის ერთ ერთი აქტივისტი ზურაბ კვირკველია და ჟურნალისტს მუქარის ტონით მოუწოდა შეეწყვიტა გადაღება. ამ ყველაფერს ოპერატორი აფიქსირებდა ვიდეოკამერით, რამაც კვირკველიას აგრესია გამოიწვია, დაუყვირა ოპერატორს ნუ მიღებო, მივარდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც ოპერატორმა მიიღო სხეულის დაზიანება, რის შედეგადაც საჭირო გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა. ამ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ გადაწყვიტა, რომ ადგილი არ ქონდა ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლას და კვირკველიას მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული სახდელი.
6. 2012 წლის 26 ივნისს, ქარელის რაიონის სოფელ დირბში, კოალიცია ქართული ოცნების ლიდერებთან შესახვედრად შეკრებილ ხალხსა და უცხო პირთა ჯგუფს შორის მოხდა დაპირისპირება. ვინაიდან ჩვენ ვაშუქებდით მომხდარ მოვლენებს, ზსენებულმა უცხო პირებმა აგრესია გამოხატეს გადამღები ჯგუფის მიმართ, კამერაზე ხელის დარტყმით ცდილობდნენ გადაღებაში ხელის შეშლას. ჟურნალისტ ეკა ბერუაშვილს მიუახლოვდა ერთ ერთი მათგანი და მუშაობის შეწყვეტის მიზნით ხელი დაართყა სახის არეში, რის შემდეგაც მას ფაქტობრივად შეეზღუდა შესაძლებლობა რათა განეხორციელებინა ჟურნალისტური საქმიანობა.
7. 2012 წლის 11 ივლისს ეგრეთწოდებული ,,მედიაჯგუფის’’ წარმომადგენლები ჟურნალისტებს ხელს უშლიდნენ საქმიანობის განხორციელებაში რის აღსაკვეთად გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია. ადგილზე მოვიდა საპარტულო პოლიციის ეკიპაჟი, რომლებსაც ვუთხარით, რომ ჩვენ არ გვაძლევდნენ ჟურნალისტური საქმიანობის საშუალებას და მიეღოთ შესაბამისი ზომები.
პოლიციელებმა შეავსეს ოქმი, რა დროსაც ერთ ერთ მათგანს დაურეკეს მობილურ ტელეფონზე.ტ ტელეფონით საუბრის შემდეგ პოლიციელებმა განაცხადეს, რომ თითქოსდა ჩვენ უარს ვამბობდით ოქმზე ხელის მოწერაზე. ჩვენ ვუთხარით, რომ გაეცნოთ ჩვენთვის ოქმი და მოვაწერდით ხელს. მიუხედავად ჩვენი მოთხოვნისა, მოეცათ ოქმზე ხელის მოწერის საშუალება პატრულის თანამშრომლებმა არ მოგვცეს ამის ნება და რეაგირების გარეშე დატოვეს ტერიტორია.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ მივმართეთ ყველა შესაბამის სახელმწიფო ორგანოს, ამოვწურეთ უფლებათა დაცვის ყველა შიდასახელმწიფოებრივი რესურსი, მაგრამ ზემოთ მოყვანილ არცერთ ფაქტზე სამართალდამცავ ორგანოებს ქმედითი ზომები არ მიუღიათ. არც ერთ ჩვენს მიერ ჩაბარებულ განცხადებაზე პასუხი არ მოგვსვლია. მათი უმოქმედობა დაუსჯელობის განცდას ბადებს თავისუფალი ჟურანალისტების წინააღმდეგ მოქმედ მოძალადე პირებში, რაც მათ ახალი დანაშაულის ჩადენის სტიმულს აძლევს. აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევში მოძალადეები სახელმწიფო მოხელეები არიან.
ვინაიდან საქართველოს ხელისუფლება უძლურია დაიცვას ჩვენი უფლებები, უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში, სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლები ძალადობენ ჟურნალისტებზე, მოგმართავთ ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას თხოვნით, რათა დააფიქსიროთ თქვენი აზრი საინფორმაციო სააგენტო “ინფო9”-ის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით,"- ნათქვამია განცხადებაში.