„მამისონის უღელტეხილს დღეს რუსი მესაზღვრეები საქართველოს ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის გამო აკონტროლებენ”, - ეს განცხადება კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში დღევანდელ აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ამის გამო ქართველი მესაზღვრეები იძულებული იყვნენ 18 კმ-ით ქვეყნის შიგნით გადმოწეულიყვნენ. ივანიშვილის განცხადებით, რაც მტერმა ვერ გააკეთა, იმას აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება თავისი „უგუნური და გაუაზრებელი პოლიტიკით“.
"იმდენი პრობლემა ჩამოვთვალე, კაცი იკითხავს, არაფერი გაუკეთებია, აბა, ამ ხელისუფლებასო?! დიახ, ამ ხელისუფლებამ გააკეთა ის, რომ გაუთვლელი და უგუნური გადაწყვეტილებების შედეგად ახლა მამისონის უღელტეხილს რუსები აკონტროლებენ.
მამისონზე, საქართველოს მეტეოროლოგიურ სადგურზე, ახლა უკვე რუსული საგუშაგოა გახსნილი. ჩვენი მესაზღვრეები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ მამისონის
უღელტეხილის საკონტროლო პუნქტი და ქვეყნის სიღრმეში 20 კილომეტრით უკან დაეხიათ, თუმცა ამას უტიფრად უარყოფს ეს ხელისუფლება.
ასე ჩააბარა სააკაშვილმა კავკასიონის საზღვარი... ასე ფლანგავს საქართველოს! რაც სხვამ, უცხომ ვერ დაგვაკლო, ამ ხელისუფლებამ თავისი უგუნური პოლიტიკით მოახერხა"-განაცხადა ივანიშვილმა
ამასთანავე, მან აქციაზე მთიანი რეგიონებიდან მოსახლეობის მიგრაციის შეჩერების აუცილებლობაზე ისაუბრა. "მას ყველა ღონე უნდა ეხმარა საკუთარი მოსახლეობის ადგილზე დამაგრებისათვის, ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნისათვის, რომ ამით მაინც შეეჩერებინა საუკუნეების განმავლობაში ბუნებრივი მესაზღვრეებისგან - ამ კუთხის მკვიდრებისგან ამ მიწების დაცლა.
ჩვენი მთა არ შეიძლება დაიცალოს და ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლისთანავე ამ პროცესის შეჩერებაზე დავიწყებთ ზრუნვას“ - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ უფრო მეტმა ადამიანმა დატოვა მთა, ვიდრე მანამდე",- განაცხადა კოალიციის ლიდერმა.
როგორც ივანიშვილმა განაცხადა, რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში დღეისთვის 47 ათასი ადამიანია დარეგისტრირებული, რაც 2002 წელთან შედარებით 4 ათასი ადამიანით ნაკლებია.