პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს, ამბროლაურში გამართულ აქციაზე ხელისუფლების მიერ, მისდამი წაყენებულ ბრალდებებს გამოეხმაურა, რომელსაც უტიფარი ტყუილი უწოდა.
„ხელისუფლების წარმომადგელების მუქარებს ბოლო არ უჩანს. ხმამაღლა ბედავენ იმის თქმას, რომ ქართული სახელმწიფოს მტერი ვარ და რუსეთის სამსახურში ვდეგავარ. ეს, რა თქმა უნდა, უტიფარი ტყუილია. გპირდებით და სიტყვას გაძლევთ, ვინც არ უნდა ეძებოს, რამდენიც არ უნდა ეძებოს, ჩემს წარსულში ვერავინ ერთ შავ ხაზს ვერ მიაგნებს. მთელი ჩემი განვლილი ცხოვრება სინდისით მიცხოვრია და ხელისუფლების წარმომადგენლები უტიფრად ცრუობენ. ასეთ უმეცრობებს იმიტომ იგონებენ, რომ სათქმელი არაფერი აქვთ“, - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ საზოგადოების წინაშე ის ყოველთვის პირნათელი იქნება და ასეთად დარჩება ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც.
კოალიციის ლიდერის თქმით, „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში, კანონი იკანონებს და აღნიშნავს, რომ სწორედ, კანონი მოსთხოვს მათ პასუხს ვინც დღეს უკანონობას სჩადის.
„უკანონობა და უზნეობაა ის, რაც ამ დღებში ხელისუფლებამ იკადრა. მათ უკვე ანგარიშსწორება ბავშვებზე დაიწყეს. ასეთი კაცუნა გვყავს ხელისუფლებაში, რომელიც ბავშვებსაც კი ედავება. ეს არის სააკაშვილის ნამდვილი სახე. სიმაღლე კი აქვს, მაგრამ ძალიან პატარა, უმწეო კაცია. მას ყველა ჩათრეული ჰყავს უკანონობაში ვისზეც ჯერ კიდევ, გავლენის მოხდენა შეუძლია “, - განაცხადა ივანიშვილმა.