პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში გამართულ აქციაზე სვანებს მიმართა. ივანიშვილის განცხადებით, ახლა როგორც სვანეთს ისე მაღალმთიან რეგიონებს მიხედვა სჭირდება.
„ვიცი თავდაჭერილი ხალხი ხართ და ზედმეტად ქება არ გიყვართ. მკაცრები და სამართლიანები ხართ. ანტიკურ ხანაში ცნობილი იყო, რომ სვანებს ასი ათასი მეომრის გამოყვანა შეეძლო, ეს იმ დროს, წარმოუდგენლად დიდი ჯარი იყო. აი, რა შორიდან მოდიხართ, აი, რა დიდია თქვენი ისტორია, რომელიც ჩვენი ქართველების ისტორიისა და კულტურის განუყოფელი არა ნაწილი არამედ, ფესვია. მისახედია ახლა, როგორც სვანეთი ისე ყველა მაღალმთიანი რეგიონი“, - განაცხადა ივანიშვილმა.
კოალიციის ლიდერის მტკიცებით, „ქართული ოცნება“ გამარჯვების შემთხვევაში, მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონს აამოქმედებს.
„ეს კანონი რეალურად შეუწყობს ხელს მთის სოფლების აღორძინებას და მოსახლეობის დაბრუნებას. ავამოქმედებთ განსაკუთრებულ საგადასახადო შეღავათებს ინვესტორებისთვის, რომლებიც რეალურ სამუშაო ადგილებს შექმნიან მთიან და მაღალმთიან სოფლებში. ხელისუფლების ამოცანა იქნება თანაბრად იბრძოლოს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე, ქვეყნის არცერთი კუთხე არ უნდა ვითარდებოდეს დანარჩენი მხარეების ხარჯზე. „ქართული ოცნება“ დაამკვიდრებს თვითმმართველობას. ჩვენი მოქალაქეები თვითონ მიიღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში და თვითონ განკარგავენ ბიუჯეტს. თვითმართველობის სიკეთეს ყველანი იგრძნობთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილის თქმით, სოფელს ეყოლება პატრონი და ეს პატრონი მისი მოსახლეობა იქნება. „სოფლის აღორძინებისთვის „ქართულ ოცნებას“ დაგეგმილი აქვს შექმნას ერთმილიარდიანი ფონდი. ყველაფერი დათვლილი და დაანგარიშებული გვაქვს. ხელისუფლებამ უსირცხვილოდ გადაიწერა ჩვენი პროექტი! კიდევ ერთხელ ვუსვამს მათ კითხვას - კეთილი ინებონ და გვითხრან შემდეგი წლის ბიუჯეტი, რამდენის დახარჯვას აპირებენ და გვაჩვენონ წყაროც, საიდან აპირებენ ამ ფულის აღებას, აბა გვაჩვენონ! რა თქმა უნდა დუმან, იმიტომ, რომ ვეღარ მოგვატყუებენ“, - განაცხადა ივანიშვილმა.