წლების განმავლობაში, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკური პარტიებისგან შეჩვეული ვართ უხვ წინასაარჩევნო დაპირებებსა და ლოზუნგებს, რომლებიც, ძირითადად, პოპულისტურ ხასიათს ატარებს ხოლმე. ერთ თვეზე ცოტა მეტი დრო რჩება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. როგორია ქართული პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი ლოზუნგები, რა იკითხება ამ ლოზუნგების უკან და რას გვამცნობენ ისინი? ფსიქოლოგი მარინა ჩიტაშვილი From.ge-სთან საუბარში აცხადებს, ყველა პარტიის საარჩევნო ლოზუნგი, როგორც წესი, უნდა ატარებდეს და ატარებს გარკვეულ ემოციურ ელფერსა და დატვირთვას, თუმცა არ ჩანს, რა როგორ უნდა გაკეთდეს, არ არის გამოხატული კონკრეტული ქმედებები.
ჩიტაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლოზუნგი „მეტი სარგებელი ხალხს“- ყველაზე უფრო ცუდი ლოზუნგია,რომელიც კი „ნაციონალურ მოძრაობს“ წინასაარჩევნო კამპანიაში ჰქონია.
„ საარჩევნო კამპანიაში ლოზუნგი იმის ლოზუნგია, რომ მეტი დატვირთვა უნდა აჩვენოს. „ მეტი სარგებელი ხალხს” ეს ყველაზე უფრო ცუდი ლოზუნგია, რომელიც კი „ნაციონალურ მოძრაობს“ წინასაარჩევნო კამპანიაში ჰქონია. რადგან ბუნებრივია ისმის კითხვა- ცხრა წლის შემდეგ რატომ დადგა აუცილებელი, რომ ხალხმა მიღოს სარგებელი? აქამდე სად მიდიოდა ეს სარგებელი? შეიძლება, ვინმეს აქვს ის დამოკიდებულება, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც მოწყალებას დაელოდებიან, საერთოდ, დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლება მოწყალებას არ არიგებს, დემოკრატიულ სახელმწიფოში სახელმწიფო ხალხის სარგებელში დგას. რამდენად იმუშავებს ეს ლოზუნგი, არ ვიცი“,-აცხადებს ჩიტაშვილი.
ფსიქოლოგის აზრით, ქდმ-ს ლოზუნგი „ერთიანი საქართველო ყველა თაობისთვის" – ეს ნაწილი „ყველა თაობისთვის“ ძალიან კარგია იმიტომ, რომ თაობები ამ ქვეყანაში სეგრეგირებულად ანუ გარიყულად თავს არ უნდა გრძნობდნენ. „ეს ლოზუნგი ნამდვილად კარგია, თუმცა ახალი არ არის და ეჭვი მეპარება, რომ რომელიმე პარტიას „ერთიანი საქართველო“ თავში არ ჰქონდეს. ძალიან კარგია ლოზუნგი „ყველა თაობისთვის“, იმიტომ რომ თაობები ამ ქვეყანაში სეგრეგირებულად ანუ გარიყულად თავს არ უნდა გრძნობდნენ. ამის გათვალისწინებით, ეს ცუდი კომბინაცია არ გახლავთ და მიმზიდველია. თუმცა, რა ქმედებები უნდა განხორციელდეს ამისთვის და რა იგულისხმება, არ ვიცი. ქდმ-ს ბოლო კლიპებში, რაც მე ვნახე, დაბალ ტარიფებსა და და ნაკლებ გადასახადებზეა საუბარი. ნაკლებ გადასახადებზე საქართველოს ერთიანობა და ეკონომიკის აღორძინება ნამდვილად არ არის დამოკიდებული, თუმცა ეს სოციალურად მიმზიდველი შეიძლება იყოს. გადასახადები შეიძლება შემცირდეს, თუმცა, თუ საგადასახადო სამსახურმა სხვა მხრიდან არ მოახდინა გადასახადების ამოღება და ბიუჯეტის შევსება, ეს ბიუჯეტის შემცირებას გამოიწვევს, რაც ისედაც ძალიან მცირეა“,-განმარტავს ფსიქოლოგი.
ჩიტაშვილს მიაჩნია, რომ ემოციურად ყველაზე დატვირთული ლოზუნგი კოალიცია „ქართულ ოცნებას“ გააჩნია, რადგან ყველა ადამიანს გააჩნია თავისი ოცნება და თავისი საქართველო.
„ ამ ლოზუნგში ყველას შეუძლია ჩადოს თავისი შინაარსი. მთავარია, კოალიციამ არჩევნებში რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა მოიპოვოს, თუმცა, გამარჯვების შემთხვევაში, მერე არ იყოს დიფერენციაცია, მე სხვა მეგონა და სხვა რაიმეს გულისხმობდნენ. ემოციური დატვირთვის თვალსაზრისით, რომ ლოზუნგმა აღგაფრთოვანოს, ეს ლოზუნგს ნამდვილად გააჩნია. თუმცა, კონკრეტულად რა იგულისხმება ამაში, თუ არ ჩავთვლით კოალიციის გაცხადებულ პრიორიტეტებს ძლიერი სოფელი, ჯანდაცვა ყველასთვის, თავისუფალი მედია და სასამართლო და განთავისუფლებული ბიზნესი, ეს რაღაცნაირად პასუხობს იმ წამოჭრილ პრობლემებს, რომლის მიმართაც არის მოსახლეობის ძირითადი პრეტენზიები“,-აცხადებს მარინა ჩიტაშვილი.
ლეიბორისტების ლოზუნგი „მდიდარს ვართმევთ ღარიბს ვაძლევთ, ღმერთი როგორ წაართმევსა“, ფსიქოლოგის განმარტებით არენას ლექსიდანაა და საზოგადოებაზე ნაკლებად იმუშავებს, რადგან მე-20 საუკუნის ოქტომბრის რევოლუციის ძირითადი ლოზუნგი გახლდათ. „არ მგონია,რომ ამ ლოზუნგმა იმუშაოს. ეს ნაციონალიზმის პოლიტიკასა და კვლავ რეპრესიების გატარებას გულისხმობს. იდეაში, შრომის პარტია შრომის უფლებების დაცვას გულისხმობს და არა ვინმესთვის რაიმეს წაერთმევას. პირობითად, მდიდარი ანუ დამქირავებელი უნდა აიძულო, რომ მიუხედავად იმ უამრავი რესურსებისა, რაც მას გააჩნია, კანონის ფარგლებში მოაქციო. წართმევა არ გულისხმობს იმას, რომ შენ თვითონ ჯდები კანონის ფარგლებში. თუმცა, ვიმეორებ, რომ „მდიდარს ვართმევთ ღარიბს ვაძლევთ“ მე-20 საუკუნის ოქტომბრის რევოლუციის ძირითადი ლოზუნგი გახლდათ, რომელსაც ქვეყნის განვითრებისთვის და ზოგადადაც, მაინცდამაინც კარგი შედეგები არ მოუტანია. ვგულისხმობ, თუნდაც იმ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი ერქვა გასული საუკუნის 21-წლებამდე, სანამ მან ექსპანსია დაიწყო. ვფიქრობ, რომ ემოციური თვალსაზრისითაც არ არის ეს ლოზუნგი დიდად მომგებიანი“,-აცხადებს ჩიტაშვილი.
მარინა ჩიტაშვილის შეფასებით, ახალი მემარჯვენეების ლოზუნგი „შეძლებული ოჯახი ქალაქად და სოფლად“ ნამდვილად კარგი ლოზუნგია და ემოციურადაც დატვირთულია, თუმცა, კვლავ არ ჩანს რა როგორ უნდა გაკეთდეს და საარჩევნო ყუთთან ადამიანებს არჩევანის გაკეთება, პარტიების მიმართ, მაინც მათი ნდობის მიხედვით მოუწევთ.
„რომ შევაჯამოთ და რეიტინგები მივცეთ პარტიების წინასაარჩევნო ლოზუნგებს, ემოციურობის თვალსაზრისით, თავის ძირითად დაკვეთას ყველა ლოზუნგი რაღაცნაირად ეხმიანება. თუ ადამიანმა ჩართო შეფასებების სისტემა, აღმოჩნდება, რომ მას მაინც მოუწევს გადაწყვეტილების მიღება იმ არჩევანის მიხედვით, რომელ პარტიას უფრო უნდა ენდოს და რომლის უნდა დაიჯეროს“,-აცხადებს ჩიტაშვილი.