კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ამბროლაურში გამართულ აქციაზე ადგილობრივ მოსახლეობას რაიონში კოალიციის დეპუტატობის კანდიდატი, დავით დარახველიძე ოფიციალურად წარუდგინა.
მისი თქმით, ამ ადამიანს სწორი და წესიერი წარსული აქვს. ივანიშვილის განცხადებით, „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ ეს ერთადერთი კაცი იყო, რომელიც გუბერნატორად დატოვეს. მაგრამ მან არ ისურვა მათთან მუშაობა და თავისი ნებით გადადგა.
გარდა ამისა, კოალიციის ლიდერმა განაცხადა, რომ დარახველიძე კონტროლის პალატაშიც მუშაობდა, რომელიც ამ პერიოდში ყველაზე წესიერ ორგანოს წარმოადგენდა.
„ის ძალიან სუფთა კაცია. ბოლო 20 წლის განმავლობაში კონტროლის პალატა, სადაც ის რეზო შავიშვილთან ერთად მუშაობდა ყველაზე წესიერ ორგანოს წარმოადგენდა. ამაში დიდი დამსახურება თქვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, დავით დარახველიძეს მიუძღვის“, - განაცხადა მან და ადგილობრივ მოსახლეობას გვერდში დგომისკენ მოუწოდა.
გარდა ამისა, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო დროს საზოგადოების განწყობა, რომელიც მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“ და არა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის მხარდაჭერას უკავშირდება, არასწორი მიდგომაა.
მისი თქმით, ეს არჩევნები სწორედ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა უნდა მოიგონ.
„ქართული ოცნება“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების გარეშე ეს ოცნების ნახევარია. ისინი ჩვენი გუნდის წევრები არიან. თუ კოალიციას უჭერთ მხარს, ე.ი. მის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებსაც უნდა დაუჭიროთ მხარი. თორემ შესალძოა პროცესი ისეთი ლაღი არ გამოგვივიდეს როგორსაც ვგეგმავთ“, - განაცხადა მან.
ბოლოს ივანიშვილმა რაჭველ მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ და სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა.