„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველო არ იყიდება"-სა და მმართველი პარტიის უკანონო გარიგებაზე საუბრობს . როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ვებგვრედზე განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული, ორგანიზაცია "საქართველო არ იყიდება" არის იურიდიული პირი და მის მიერ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის" უსასყიდლოდ გადაცემული ვიდეოკლიპები უკანონო შემოწირულებას წარმოადგენს.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პარტიის მიერ უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობებით მიღებული მატერიალური ან არამატერიალური ფასეულობა ითვლება შემოწირულებად. ამავე კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ა1 ქვეპუნქტის თანახმად, პოლიტიკურ პარტიას ეკრძალება შემოწირულებების მიღება იურიდიული პირებისგან",- აღნიშნულია განცხადებაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობაში" მიიჩნევენ, რომ გარიგების მონაწილე მხარეთა მიმართ უნდა გატარდეს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" ორგანული კანონით გათვალისწინებული ზომები - მიღებული/გადაცემული ქონების ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმება.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო" სახელწიფო აუდიტის სამსახურს მოუწოდებს, შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
შეგახსენებთ, 20 აგვისტოს ორგანიზაცია "საქართველო არ იყიდება"-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიგა ნასარიძემ განაცხადა, რომ ნებისმიერ პარტიას, რომელიც მათ პოზიციას იზიარებს, ორგანიზაცია უფასოდ სთავაზობს საარჩევნო თემატიკის ვიდეოკლიპებს. ნასარიძემ ასევე აღნიშნა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" უკვე გამოეხმაურა მათ შეთავაზებას და აღნიშნულ პარტიას უსასყიდლოდ გადასცეს ვიდეორგოლები, რომლებიც უკვე ზოგიერთი ტელეარხით გადაიცემა. აღნიშნულ ფაქტს მმართველი პარტიის პრესსპიკერი ჩიორა თაქთაქიშვილიც ადასტურებს.