“ახალი მემარჯვენეები” - ხალხს ამუშავებული საწარმოები დაასაქმებს და არა დასაქმების სამინისტრო

“ახალი მემარჯვენეები” - ხალხს ამუშავებული საწარმოები დაასაქმებს და არა დასაქმების სამინისტრო

 “ახალი მემარჯვენეები” ითხოვენ მთავრობამ გამონახოს გზები ბიზნეს გარემოს გასაუმჯობესებლად და ახალი საწარმოების ასამოქმედებლად.

დღეს, სამტრედიის ყოფილი საკონსერვო კომბინატის წინ, პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეების“ სამტრედიის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან ბუაძემ ტექნოლოგიურად ახალი საწარმოების ამოქმედების აუცილებლობის თემაზე ბრიფინგი გამართა.

 ლევან ბუაძის თქმით, უმუშევრობის შემცირება დღეს ჩვენს ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. სამტრედიის რაიონში, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული რეგიონია, ოცი წლის წინ მოქმედებდა ათეულობით მსხვილი საწარმო (ხის დამამუშავებელი კომბინატი, ჩაის ფაბრიკა, ბამბის სართავი ფაბრიკა, აბრეშუმის ძაფსაღები ფაბრიკა და სხვა). დღეს ეს საწარმოები უმოქმედოა. ხელისუფლება არ ცდილობს პრივატიზებული და უმოქმედო საწარმოების მფლობელებს შეუქმნას ხელსაყრელი გარემო პირობები.

 „სამტრედიის რაიონს აქვს დიდი პოტენციალი ხილისა და ბოსტნეულის ნედლეულის საწარმოებლად. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი საკონსერვო კომბინატი პრივატიზებულია, ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს მის ასამოქმედებლად, დაეხმაროს ინვესტორის მოძიებაში და პროდუქციის ექსპორტის უზრუნველყოფაში, “ - განაცხადა ლევან ბუაძემ.

 სამტრედიის საკონსერვო კომბინატის ამუშავების შემთხვევაში ათეულობით სოფელი შეძლებს ხილისა და ბოსტნეულის სწრაფ რეალიზაციას, კომბინატი დაასაქმებს ასზე მეტ ადამიანს, ხოლო ბიუჯეტი მიიღებს მეტ შემოსავალს ექსპორტიდან. ამით მეტი ოჯახი გახდება შეძლებული, როგორც სოფლად, ისე ქალაქად.