გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კავკასიაში ღორის აფრიკული ჭირის ეპიდემიის საფრთხის მოახლოებაზე მოსახლეობას აფრთხილებს. ამასთან დაკავშირებით, გაერო-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული სპეციალური განცხადებიდან გახდა ცნობილი.
გაეროს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ღორის აფრიკული ჭირის პირველი შემთხვევის აღმოჩენის შემდეგ სათანადო პრევენციული ღონისძიებები გატარდა და დაავადების გავრცელება ამ ეტაპზე შესუსტებულია, მან კავკასიაში ფეხი მაინც მყარად მოიკიდა და ახლა მოსაზღვრე რეგიონს საფრთხეს უქმნის.
ორგანიზაციის მონაცემებით, უკრაინის ახლომდებარე ქვეყნები; მოლდოვა, ყაზახეთი და ლატვია, სადაც მეღორეობა კარგად განვითარებულია, ასევე მაღალი რისკის ქვეშ არიან.
„ჩვენი ანალიზის მიხედვით, ეს შესაძლოა რეგიონში ეპიდემიის სერიის პირველი ნაწილი იყოს, ამიტომ ნაციონალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებებმა დაავადების გავრცელების პრევენციული ღონისძიებები უნდა გააძლიერონ და ეპიდემიის აფეთქებისთვის სათანადოდ მოემზადნონ", - განაცხადა გაერო-ს საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მთავარმა ვეტერინარმა, ხუან ლუბროზმა.
გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია იუწყება, რომ ჭირი ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ ეპიდემიის შემთხვევაში სიკვდილიანობა შინაურ ღორებში უკიდურესად მაღალი იქნება.
გაეროს ინფორმაციით, 2007 წლამდე, სანამ ვირუსის შემთხვევა კავკასიაში დაფიქსირდებოდა, ის აფრიკის კონტინენტსა და იტალიის კუნძულ სარინიაზე იქნა ლოკალიზებული. სადღეისოდ ღორის აფრიკული ჭირი ენდემურად რუსეთის ფედერაციის ნაწილსა და კავკასიის რეგიონის ქვეყნებში – საქართველოსა და სომხეთში მიიჩნევა.