"ნაციონალური მოძრაობის" სიაში რამდენიმე 21 წლის ასაკის მაჟორიტარობის კანდიდატიც იქნება“, - ამის შესახებ საქართელოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ანაკლიაში, Summer jobs-ის მონაწილე სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბევრი სტუდენტი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმას პირველად მისცემს, ზოგიერთმა კი შესაძლოა, კენჭიც იყაროს, რადგან მისი ინიციატივით დეპუტატობის ასაკობრივი ზღვარი 21 წლამდე შემცირდა.
შეხვედრაზე პრეზიდენტმა სტუდენტებს მიმართა და განაცხადა, რომ სწორედ ეხლა წყდება მათი გრძელვადიანი მომავალი და მათ სთხოვა ეს მომავალი არავის გადააბარონ.
„თქვენს მაგივრად არავის მისცეთ საშუალება, რადგან ყველაზე მეტ ხანს, თქვენ უნდა იცხოვროთ ამ ქვეყანაში. ისეთი რამ არ გავაკეთოთ, რომ შემდეგი 70-80 წელი გვქონდეს სანანებელი, რომ ჩემი ბედი ვინმემ გადაწყვიტა. 150 წელი ვერ შეგპირდებით, მაგრამ 100 წლის შემდეგ დისკოთეკაზე აქ ანაკლიაში შეგვხვდებით აუცილებლად", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა საკუთარი სტუდენტობაც, რომელიც კომუნისტური რეჟიმის რღვევას, სამოქალაქო ომს, შიდა დაპირისპირებას, უცხო ძალის შემოჭრას და ეთნიკური წმენდის პერიოდს დაემთხვა.
„ყველანი ერთად უნდა ვიყოთ აქტიურები და დარაზმულები, რომ არ ახდეს ჩვენი მტრის ოცნება - საქართველომ არ დაუთმოს თავის თავისუფლება ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ ძალას, ნებისმიერ გარედან თავსმოხვეულ სუბიექტს", - განაცხადა პრეზიდენტმა.